ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტის ქონება


პრეზიდენტის ვენახი ყვარელში
პრეზიდენტის ვენახი ყვარელში

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართულ საზოგადოებას მისი ახალი შენაძენის ნახვის საშუალება მისცა. საფერავისა და რქაწითელის ჯიშებით ნახევარი ჰექტარზე გაშენებული ვენახი კახეთში, ალაზნის ველზე, ქალაქ ყვარლის გარეუბანში მდებარეობს.

ოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტს ეს ქონება 30 ათასს ლარად სამი თვის წინ შეუძენია. თავად, სააკაშვილმა დააკონკრეტა რომ ევროპული ყაიდის, სამოცი (60) კვადრატული მეტრის ფართობის სახლის მშენებლობა ვენახში, სამი თვის წინ დაიწყო, თუმცა არ უხსენებია რა თანხა დაუჯდა მშენებლობა.

2011 წლამდე, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში უძრავი ქონება არ გააჩნდა. ყველა აქტივი პირველ ლედიზე სანდრა რულოვსზე იყო გაფორმებული.

ახალ აგარაკზე პრეზიდენტმა ჯერ განათლების მინისტრსა და ეროვნულ გამოცდებში ათ საუკეთესო სტუდენტს უმასპინძლა, შემდეგ კი საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი ტიერი მარიანი მიიღო. მიხეილ სააკაშვილი სტუმრებს მწვადითა და ღვინით დახვდა და ახალ შენაძენზეც ისაუბრა.

„ ამ ადგილის ყიდვა გადავწყვიტე რამდენი თვის წინ. აქ ვიყავით, ძალიან ლამაზ ყვარლის ტბაზე, იქ გვინდა ბულვარის გაკეთება და რო შევხედე ამ სილამაზეს ეგრევე ვუთხარი მიპოვეთ პატარა მიწის ნაკვეთი უნდა ვიყიდო თქო. ვიყიდე ეს ვენახი, ეს პატარა სახლი ჩავდგი შიგნით. გადავწყიტე რომ ამ ვენახს მოვუარო, როცა დრო მექნება.

სააკაშვილი: დიმა მოგეწონა სახლი?

დიმიტრი შაშკინი: ძაან მაგარია!

სააკაშვილი: სამი თვეა ვაშენებთ, სამი თვის წინ ვიყიდე ეს ნაკვეთი და ნახე რა არის იდილიის ადგილი.“

პრეზიდენტ სააკაშვილს კიდევ რვა თვე აქვს საზოგადოებას დაწვრილებით აუხსნას თუ ვისგან და რა სახსრებით შეიძინა ვენახი ყვარელში და რა დაუჯდა სახლის მშენებლობა.

ქონებრივი დეკლარაციის მომდევნო შევსება სააკაშვილს მომავალი წლის მაისში უწევს, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ პრეზიდენტმა ჯერ იმ კითხვებზე უნდა გასცეს პასუხი, რომელიც მის მიერვე შევსებულმა ბოლო ქონებრივმა დეკლარაციებმა გააჩინა.

სააკაშვილმა ჯერ კიდევ 1998 წელს დააფიქსირა, რომ ყაზბეგის რაიონში 600 კვადრატულ მიწის ფართობს ფლობდა. მაშინ იგი, პარლამენტარი და მმართველი პარტია „მოქალაქეთა კავშირის“ თავჯდომარე იყო. მას შემდეგ სააკაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 19 ჯერ შეავსო, თუმცა ყაზბეგის რაიონში არსებული მიწა, მხოლოდ 2011 წლის დეკლარაციაში ჩაწერა.

2010 წლის დეკლარაციაში კი პრეზიდენტს არ შეუტანია ფრანგულ ბანკ „სოსიეტე ჟენერალში“ გახსნილ ანგარიშზე ინფორმაცია, სადაც 24 ათასი ევრო ედო და ეს შეცდომაც მხოლოდ 2011 წელს გამოასწორა.

ასევე 2010 წლის დეკლარაციაში, პრეზიდენტმა არ მიუთითა თუ რა თანხად შეიძინა მისმა მეუღლემ 164 კვადრატული მეტრის მანსარდა, ბარნოვის 9 ნომერში, სადაც სანდრა რულოვსი 154 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ბინას ფლობს. იურისტი თეა წულუკიანი ამბობს

„ აქ პირდაპირ იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. ამ მუხლის სახელწოდებაა: ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა ან დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემების შეტანა. ამ შემთხვევაში გამოძიების პრეროგატივაა დაადგინოს, რა გარემოებასთან გვაქვს საქმე, არასრულ თუ არასწორ მონაცემებთან.“

ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 14 მაისს შეივსო, მიხეილ სააკაშვილს „საქართველო ბანკში“ აქვს 62 993 ლარი, 52 019 დოლარი და 1 573 ევრო, ხოლო ბანკ „სოსიეტე ჟენერალში“ - 30 000 ევრო.

პრეზიდენტი ფლობს 500 კვადრატულ მიწას გუდაურში. სანდრა რულოვსს კი ორი ანაბარი აქვს გახსნილი: TBC ბანკში - 21 000 დოლარით და ING ბანკში - 85 000 ევროთი. პლუს 2 000 ლარი უდევს „საქართველოს ბანკში“. პირველი ლედი ასევე ფლობს 318 კვადრატულ მეტრ ფართს ბარნოვის 9 ნომერში.

გასულ წელს პრეზიდენტმა ხელფასის სახით 56640 ლარი აიღო, სულ 2004 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე სააკაშვილს 550 000 ლარზე მეტი აქვს გამომუშავებული.

ექსპერტები მიუთითებენ, რომ სხვა საჯარო მოხელეებისაგან განსხვავებით, პრეზიდენტი ქონებრივ დეკლარაციებში ტრადიციულად არ უთითებს წლის განმავლობაში დანახარჯების ოდენობას.

უცნობია, რა თანხა გადაიხადა მან (ან გადაიხადა თუ არა საერთოდ) შარშან თვითმფრინავის მართვის შესწავლაში და რა დაუჯდა უფროსი ვაჟის განათლება. მაგალითად, ჩინეთში გაშვება. ეს ინფორმაცია მიხელ სააკაშვილმა გუშინ თავადვე გაავრცელა.

„ჩემი შვილი ეხლა იყო ჩინეთში, ზაფხული გაატარა იქ, სწავლობდა ჩინურს. უკვე მეხუთე თუ მეექვსე ენას სწავლობს და არ გაჩერდება. იმიტომ კი არა რომ განსაკუთრებით ნიჭიერია, იმიტომ რომ დღევანდელი მოთხოვნაა ასეთი.“

პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც დეკემბერში 44 წლის გახდება, ქართულ პოლიტიკაში 1995 წელს გამოჩნდა. პრეზიდენტობამდე იყო პარლამენტარი, იუსტიციის მინისტრი და თბილისის საკრებულოს თავჯდომარე.

პოლიტიკური კარიერის დასაწყისში, პირველი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც სააკაშვილმა 1998 წელს შეავსო, იგი ფლობდა 79 ათას ლარად შეფასებულ ბინას საბურთალოზე და 2600 ლარად შეფასებულ ავტომანქანა „ჰონდას“. სანდრა რულოვს TBC ბანკში ედო 1900 ლარი, ხოლო მიხელ სააკაშვილს ნიუ იორკის CitiBank-ში 200 დოლარი.

XS
SM
MD
LG