ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იყო თუ არა პრეზიდენტის გამონათქვამი რასისტული?


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სიტყვა "ზანგები" იხმარა.

მიხეილ სააკაშვილი განაგრძობს საქართველოს პრეზიდენტის ლექსიკის ახალი სიტყვებით გამდიდრებას. ფინანსთა სამინისტროში საჯარო გამოსვლისას, რომელიც მთელი საქართველოს მაშტაბით, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, სააკაშვილმა სრულიად მოულოდნელად იხმარა რასისტული სიტყვა - "ზანგები", შემდეგ კი, ამას "ველურებიც" დაუმატა. ამ დროს, პრეზიდენტი საბაჟოს უფროსს და პრემირ-მინისტრს საქართველოს საბაჟო პუნქტებზე შექმნილ სიტუაციაზე ესაუბრებოდა.

პრეზიდენტი: საფრანგეთში ხართ ნამყოფი?

საბაჟოს უფროსი: არა

პრეზიდენტი: ინგლისში ხართ?

საბაჟოს უფროსი: კი

პრეზიდენტი: რამდენჯერ?

საბაჟოს უფროსი: ორჯერ

პრეზიდენტი: საზღვარზე რამდენჯერ გაუხსნიათ თქვენი ჩანთა?

საბაჟოს უფროსი: არცერთხელ

პრეზიდენტი: არცერთხელ! კარგი, ნიკა, ირლანდიაში სწავლობდი ხომ? რამდენჯერ შესულხარ ირლანდიაში?

პრემიერ-მინისტრი: ძალიან ბევრჯერ

პრეზიდენტი: რამდენჯერ გაუხსნიათ შენი ჩანთა?

პრემიერ მინისტრი: თითქმის არცერთხელ

პრეზიდენტი: მაშინ, ჩვენ ზანგები ვართ?! თუ რა ?! რატომ ვიქცევით ველურებივით ამიხსენით?!“

პრეზიდენტის გამოსვლის ეს მონაკვეთი, რამდენად სწრაფადაც დაიბლოკა ნაციონალური მაუწყებლების ეთერში, იმდენად, სწრაფად გავრცელდა ინტერნეტით, სოციალური ქსელების მეშვეობით.

სააკაშვილის პოლიტიკურმა ოპონენტებმა, იმაზეც იზრუნეს, რომ გამოსვლის ეს ნაწილი ინგლისური ტიტრებით განეთავსებინათ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ვიდეოჰოსტინგ იუთუბზე, სადაც ერთ დღეში მისი ნახვა 35000 მდე მომხმარებელმა შეძლო. პრეზიდენტის პრეს-სამსახური იძულებული გახდა განმარტება გაეკეთებინა, სადაც კერძოდ ნათქვამია

„პრეზიდენტის პრესსამსახური იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამონათქვამი შეგნებულად იყო არასწორად ინტერპრეტირებული ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ. პრეს-სამსახური განმარტავს, რომ ქართულ იდიომატურ გამოთქმას არავითარი კავშირი არა აქვს არც რასასთან და არც რასებს შორის განსხვავებასთან“

როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტის რასისტული გამონათქვამი კრიტიკის გარეშე დარჩა მმართველ პარტიაში. პარლამენტარმა პავლე კუბლაშვილმა მედია და გარკვეული ძალები თემის გაზვიადებაში დაადანაშაულა.

„ძალიან ცუდია, რომ არიან გარკვეული ძალები, რომლებსაც უნდათ, რომ იდიომატური გამოთქმა გამოიყენონ, როგორც, რაღაც რასიზმის ნიშანი. არანაირ რასიზმზე, რასებს შორის სხვაობაზე არ იყო, აქ მინიშნება; მე ვფიქრობ, რომ ტელეკომპანიები უფრო მეტ დროს უნდა უთმობდნენ იმ პრობლემის გაშუქებას რაზეც პრეზიდენტი საუბრობდა და არა ასეთ თემებს“

იურისტი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ გამოყენებული სიტყვა "ზანგები" ცალსახად რასისტული იყო, სიტყვა "ველურები" კი კიდევ ერთი უხამსობა.

„პრეს-ცენტრის განცხადება ამ შემთხვევას ვერ შეამსუბუქებს. ვერანაირ კონტექსტს ვერ მოუძებნით თქვენ იმ წინადადებას გასამართლებლად, სადაც ერთდროულად არის ნახმარი სიტყვა ზანგიც და ველურიც.

ველურის გარეშეც ძალიან შეურაცმყოფლად ითვლება ეს ტერმინი და ის ამოღებულია ამერიკის კონტინენტზე, არათუ საჯარო გამოსვლების და საჯარო სფეროსათვის, არამედ ყოფით ურთიერთობებშიც კი ადამიანები ამ სიტყვას არ იყენებენ.“

ჟურნალ ლიბერალის გამომცემელი შორენა შავერდაშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტის მხრიდან ეს იყო რასისტული ფრაზის გაუთვიცნობიერებელი წამოცდენა.

„რასიზმი არსებობს გაცნობიერებულიც და გაუთვიცნობიერებელიც. ასეთი წამოცდენა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანს შესაძლოა არ ჰქონდეს გაცნობიერებული რაზე საუბრობს. თავისთავად, ძალზედ შეურაცმყოფელია ეს განცხადება და მით უმეტეს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ასეთ განცხადებას აკეთებს, ძალიან სამწუხაროა“

პროფესორმა ნოდარ ლადარიამ პრეზიდენტის გამოსვლაში რასისტული ვერაფერი დაინახა, მაშინ, როცა მწერალი შოთა იათაშვილი არ დააკმაყოფილა იმ განმარტებებმა, რაც პრეზიდენტის პრესსამსახურმა გააკეთა.

„საბჭოთა პერიოდში ძალიან მიღებული გამონათქვამი იყო - ჩვენ ზანგები ხომ არ ვართ, ასე ვთქვათ, ძველ ბიჭურ და ქუჩურ გამონათქვამებს შორის და ეს შეიძლებოდა ბევრგან მოგესმინა. მაგრამ, პრეზიდენტის პასუხისმგებლობა ის არის, რომ ეს წამოცდენაც რომ იყოს, მან სწრაფად უნდა გაანალიზოს ეს ყველაფერი და რაღაცნაირად ჩაასწოროს ან იუმორში გადაიყვანოს. მან ამ შემთხვევაში, ეს კი არ გააკეთა, არამედ კიდევ უფრო განავრცო ეს თემა და ზანგებს ველურები მიუმატა.“

საქართველოში სერიოზული კვლევა რასისზმთან დაკავშირებით არასოდეს ჩატარებულა. თუმცა რასისტული რეციდევები ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ ხშირად გვხდება, ამ ფონზე, ქვეყნის პირველ პირს, საჯარო გამოსვლების დროს, სულ ცოტა მეტი დაფიქრება მართებს.

XS
SM
MD
LG