ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთპარტიულობა - რეალური საფრთხე


"ვდგევართ ზღვარზე და გვეყოლება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მიიღებს 70 პროცენტზე მეტ რეიტინგს"
"ვდგევართ ზღვარზე და გვეყოლება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მიიღებს 70 პროცენტზე მეტ რეიტინგს"

საქართველომ დემოკრატიული არჩევნების გამართვის შანსი ისევ დაკარგა

27 ივნისის შეთანხმების შემდეგ „ახალი პოლიტიკური რეალობა“ ამგვარია. ოპოზიციური „რვიანისგან“ დარჩენილი „ექვსიანი“, მათივე განცხადებით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლას აგრძელებს. არ არის გამორიცხული, ეს გაერთიანება წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ბლოკად ჩამოყალიბდეს ან საერთოდ დაიშალოს.

"ექვსიანი" წევრები უკვე ვეღარ მოხვდებიან ინტერპარტიულ ჯგუფში, საარჩევნო კოდექსში შეთანხმებული ცვლილებების შესატანად, რომელზეც მმართველი პარტია, „ახალი მემარჯვენეები“ და „ქრისტიან-დემოკრატები“ შეთანხმდნენ.

რეალურად რა ფინანსური და პოლიტიკური რესურსი აქვს „ექვსიანს“ და რა მიიღო სინამდვილეში ათთვიანი მოლაპარაკების შედეგად ქართველმა ამომრჩეველმა?! ამ საკითხზე საქართველოში დიამეტრალურად განსვავებული მოსაზრებები არსებობს.

ერთ-ერთი ავტორიტეტული ექსპერტი, საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის დირექტორი გოჩა ცქიტიშვილი ამერიკის ხმასთან „ახალ რეალობას“ უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს:

„საერთო ჯამში მე გეტყვით ქართულმა პოლიტიკამ რა მიიღო. ჩვენ ვართ ადამიანები, პოლიტიკის მთავარი სუბიექტები, შემდეგ მოდიან პოლიტიკოსები, პოლიტიკური ორგანიზაციები და პოლიტიკის სხვა სუბიექტები.

ზოგადად, ქართულმა პოლიტიკამ და შესაბამისად ხალხმაც მივიღეთ ერთი ნაბიჯი უკან და არცერთი ნაბიჯი წინ. იმიტომ, რომ არაფერი არ განვითარებულა მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიები რვაჯერ შეიკრიბნენ და რვაჯერ დაიშალნენ.

როცა არ გაქვს სტრატეგია, არ იცი საით მოძრაობ. იმისათვის, რომ შენმა გემმა მიაღწიოს სასურველ ადგილს, კუნძულს ან კონტინენტს, მას უნდა ჰქონდეს სწორი გეზი ან სტრატეგიული ხედვა. აი, მე ჯერ, სამხრეთით უნდა გავცურო, მერე ჩრდილოეთით გავცურო და ბოლოს მივაღწევ დანიშნულების ადგილს. როცა არ იცი, გეზი როცა არ გაქვს, დადიხარ ამ აბობოქრებულ ზღვაში და იძირები ბოლოს.“

ოპოზიციური პოლიტიკური „რვიანი“, 2010 ნოემბერში, ხუთთვიანი პოლიტიკური ტაიმ-აუტის თავზე, მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც მაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციამ კატასტროფული მარცხი განიცადა. უკიდურესად ცუდი საარჩევნო გარემო ამ კატასტროფის მთავარ მიზეზად დასახელდა.

რვიანი
რვიანი

ნოემბერში ხელისუფლებთან დაწყებულ მოლაპარაკებაში „რვიანი“ თითქმის ათი თვის მანძილზე ინარჩუნებდა მყიფე ერთობას, თუმცა როგორც ბევრი ექსპერტი ვარაუდობდა, ეს მძიმე ტვირთი ბოლომდე მაინც ვერ ზიდა.

რა გახდა „რვიანის“ დაშლაში გადამწყვეტი - ქრისტიან-დემოკრატების და მემარჯვენეების წარმატებული ფინანსური გარიგება მმართველ პარტიასთან თუ ოპოზიციაში პირველობისთვის ბრძოლა?! სოციოლოგი გოჩა ცქიტიშვილი ამბობს, რომ „რვიანი“ ჩანასახშივე იყო განწირული:

„დღეს რაც ხდება რვიანის დაშლის გამო, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, ვის რა მოტივი აქვს დღეს, რომ გამოვიდეს ან დარჩეს შიგნით, ის ფაქტია, რომ თავისთავად რვიანის შექმნა იყო იმდენად მოკლევადიანი და არასტრატეგიული ნაბიჯი, რომ ბუნებრივია, რომ მას ხანგრძლივი სიცოცხლე არ ეწერა.

არ შეიძლება, რომ ოპოზიციური პარტიები იკრიბებბოდნენ მხოოდ იმიტომ, რომ ისინი ოპოზიციაში არიან. ეს ხომ აბსურდია. მე ეჭვი გამიჩნდა, რომ ცოტა უმწეობის დეკლარირების გამო მოხდა ეს ყველაფერი.

პრინციპში ყველა აღიარებდა, რომ გარკვეული თვალსაზრისით ბრძოლა წაგებულია და საჭირო იყო ერთად დაჯდომა, რომ უფრო უსაფრთხოდ ეგრძნოთ თავი, ჩემთვის ასეთი ფსიქოპორტრეტი დაიხატა.“

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ გამგეობის თავჯდომარე მარკ მალენი ჟურნალ „ლიბერალში“ წერს, რომ ახალი შეთანხმებით, რომელიც მმართველ პარტიას, სახელისუფლებო მედიას და რამდენიმე ფორმალურად ოპოზიციურ ჯგუფს საარჩევნო გარემოს რეალურ გაუმჯობესებად სურს გაასაღოს, სინამდვილეში ძველი სისტემა უცვლელი რჩება.

საქართველოში, არსებული საარჩევნო სისტემისა, პლუს მოუწესრიგებელი საარჩვენო სიების პირობებში, ერთ კონკრეტულ პარტიას კვლავ აქვს საშუალება მოიპოვოს პარლამენტში 2/3-იანი კონსტიტუციური უმრავლესობა, იმის მუხედავად უჭერს თუ არა მას მხარს მოსახლეობის ორი-მესამედი.

თუ პარტიამ არჩევნებში ხმების 67 პროცენტზე გაცილებით ნაკლები მიიღო, ხოლო პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების ხარჯზე 67 პროცენტზე მეტი სადეპუტატო მანდატი მოიპოვა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ძალიან ცუდი სისტემაა, რაც საშიშია ქვეყნის დემოკრატიისთვის“ - წერს მარკ მალენი. ამ აზრს სრულად იზიარებს გოჩა ცქიტიშვილი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო უკვე ძალიან საშიშ ზღვართან დგას:

„თუ ჩვენ პოლიტიკური სუბიექტები და მათი ურთიერთქმედება არ გვექნება ხარისხიანი ვერასოდეს მივიღებთ ხარისხიან არჩევნებს. ჩვენ არ გვაქვს არცერთი არგუმენტი, ვივაუდოთ რომ ამ არჩევნებზე ხარისხიანი სუბიექტები იქნებიან წარმოდგენილნი. და თუ არ იქნებია ისინი მაშინ რა არჩევნებია?

სიტყვა გვეუბნება ჩვენ, რომ მთელი ღირსება ამ ერთდღიანი პროცესისა იმაშია, რომ მე ვარ ჩემი თავის ბატონ-პატრონი და ვაკეთებ არჩევანს. თუ არ არის არჩევანი, ე.ი არ არის არჩევნები. არ შეიძლება ხარისხიანი არჩევნები ვუწოდოთ იმ არჩევნებს, სადაც ალტერნატივა არ არსებობს.

ყველა ისეთ გარემოს, სადაც რომელიღაც ერთი პოლიტიკური პარტია იღებს 60-70 პროცენტს, არ შეიძლება ეწოდოს ხარისხიანი არჩევნები. მე გეუბნებით, რომ ჩვენ ვდგევართ ზუსტად იმ საზღვარზე და ცოტაც და გადავლახავთ ამ საზღვარს და გვეყოლება ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მიიღებს 70 პროცენტზე მეტ რეიტინგს.“

"ექვსიანი" "რვიანის" შემდეგ...
"ექვსიანი" "რვიანის" შემდეგ...

მმართველი პარტია სხვადასხვა საშუალებებით ქართულ საზოგადოებას ნელ-ნელა აგუებს იმ ფაქტს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

ივნისის ბოლოს, პროსახელისუფლებო მედიამ გაავრცელა ამერიკული კომპანია „გრინბერგ ქუინლერ როზნერის“ მიერ საქართველოში ჩატარებული მორიგი სოცილოგიური კვლევის შედეგები. მმართველი პარტია 61 პრონენტით ლიდერობს, მეორე ადგილზე 13 პროცენტით ქრისტიან დემოკრატები, ხოლო მესამე - 9 პროცენტით ლეიბორისტები არიან. პრეზიდენტ სააკაშვილის მოღვაწერობას კი გამოკითხულთა 77 პროცენტი "დადებითად აფასებს".

ცნობილია, რომ ნაციონალურ არხებს გამოკითხვის შედეგები მმართველმა პარტიამ მიაწოდა, კომპანია „გრინბერგ ქუინლერ როზნერში“ კომენტარზე კატეგორიული უარი განაცხადეს, თუმცა ოფიციალურად ცნობილია,რომ პრეზიდენტ სააკაშვილს, საქართველოს მთავრობას და თბილისის მერს, როგორც კლიენტებს ამერიკული კომპანია 2007 წლიდან ემსახურება.

XS
SM
MD
LG