სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საკონსტიტუციო ცვლილებების იდეით გამოდის, რომელიც პრეზიდნეტის ძალაუფლებას გაზრდის. ამის შესახებ სარკისიანმა „ამერიკის ხმის“ სომხურ რედაქციასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
სარქისიანი, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას ორ თვეზე ნაკლებია ასრულებს, აცხადებს, რომ „კონსტიტუციური დისბალანსი“ საფრთხეს უქმნის სომხეთის სტაბილურობას.
„რეალობა ასეთია, სომხეთში სიღრმისეული ცვლილებების საჭიროებაა, ცვლილებებია შესატანი კონსტიტუციაში და ზოგიერთ კანონში. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ არგვაქვს დაბალანსებული კონსტიტუცია. ჩვენი კონსტიტუციით, ძალაუფლების დიდ ნაწილს მთავრობა და პრემიერის ოფისი ფლობს“, ამბობს პრეზიდენტი.
მისი თქმით, ქვეყანაში ძალაუფლება ხელისუფლების შტოებს შორის თანაბრად უნდა გადანაწილდეს. „სომხეთში, ხალხი პრემიერს „სუპერ პრემიერ მინისტრს“ ეძახის. ბატონი ფაშინიანი ერთ-ერთი პირველი პარლამენტარი იყო, როცა ამ სისტემას აკრიტიკებდა. საქმე არა პრემიერ ფაშინიანშია, არც მის წინამორბედ სარგსიანში. აქ საუბარია ქვეყნის უსაფრთხოებაზე და სტაბილურობაზე“
სერჟ სარგსიანი 10 წლის განმავლობაში სომხეთის პრეზიდენტი იყო, აპრილში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. ამ ცვლილებას მალევე მოყვა საპროტესტო აქციები, შედეგად სარგსიანმა თანამდებობა დატოვა.
სარგსიანის და ფაშინიანის დაპირისპირებულ მხარეებს შორის მაშინ მედიატორი სარკისიანი იყო, რომელიც ქვეყნის პარლამენტმა მარტში პრეზიდენტად აირჩია.
კითხვაზე თუ როგორ აფასებდა საკუთარ საქმიანობას, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ დასკვნების გაკეთება ნაადრევია.
„მთავრობა ახლახან დაკომპლექტდა, როგორც ჩანს, კაბინეთი ითვალისწინებს ფაშინიანის მიერ გაჟღერებულ დაპირებებს. მაგრამ ერთი თვე მოკლე დროა შეფასებებისთვის. საქმის კეთებას მეტი დრო ჭირდება“, ამბობს სარქისიანი.
„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ფაშინიანს გაუჭირდება ყველა იმ პირობის შესრულება, რომელიც მან სომეხ ხალხს აღუქვა.
„ჩვენი განვითარებისთვის აუცილებელია ეკონომიკური განვითარება, რაც უცხოელ ინვესტორებს მოიზიდავს. ამისთვის საჭიროა სტაბილური ქვეაყანა, სადაც კორუფცია მინიმალურ დონეზეა“.
სომხეთის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთი აფასებს რუსეთთან კარგ ურთიერთობებს.
„სომხეთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სომხეთიდა რუსეთი საუკუნეებია კარგი მეგობრები არიან“, მისი თქმით, „რუსეთთან სამხედრო და პოლიტიკური ურთიერთობები, სომხეთს „რთულ სამეზობლოში ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება“.
თუმცა, პრეზიდენტის თქმით, ეს არ ნიშნავს,რომ სომხეთს დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობის ჩამოყალიბება არ უნდა შეეძლოს. სომხეთი ერთდროულად რუსული ინიციატივის „ევრაზიული კავშირის“ წევრიცაა და ევროპის კავშირთან სავაჭრო ურთიერთობასა აქვს.
Facebook Forum