ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხავერდოვანი სომხეთი: მეამბოხე იწყებს


System of a Down-ის სოლისტი სერჟ თანქიანი და ნიკოლ ფაშინიანი ერევანში
System of a Down-ის სოლისტი სერჟ თანქიანი და ნიკოლ ფაშინიანი ერევანში

მეზობელ სომხეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. დღეს გამართულ კენჭისყრაზე, 42 წლის ნიკოლ ფაშინიანს, ეროვნული კრების 105 დეპუტატიდან მხარი 58-მა დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა, 42 კი წინააღმდეგი იყო. ახალი პრემიერი ლიბერალურ ოპოზიციურ ალიანსს „ელქ“-ს წარმოადგენს, რომელსაც სომხეთის პარლამენტში სულ 9 დეპუტატი ჰყავს.

1 მაისის კენჭისყრისგან განსხვავებით, როცა პრემიერის პოსტზე ერთადერთი კანდიდატის ფაშინიანის არჩევა მმართველი რესპუბლიკური პარტიის (58 დეპუტატი) წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა (45 ხმა 56-ის წინააღმდეგ), 8 მაისის ხელახალ კენჭისყრაზე, ფაშინიანს „დაშნაკცუთიუნისა“ და სომეხი ოლიგარქის წარუკიანის ბლოკის გარდა, თერთმეტი „რესპუბლიკელიც“ მიემხრო.

ერევანი სერჟ სარქისიანის მმართველობის დასასრულს ზეიმობს
ერევანი სერჟ სარქისიანის მმართველობის დასასრულს ზეიმობს

ფაშინიანის პრემირად არჩევის შემდეგ, რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც 20 წელია სომხეთში ძალაუფლებას ფლობდა და ამ დრომდე საპარლამენტო უმრავლესობა ჰყავს, თავი ოპოზიციად გამოაცხადა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ნიკოლ ფაშინიანის ახალ კაბინეტში „რესპუბლიკელები“ არ იქნებიან. ფაშინიანის თანამებრძოლი ბლოკ „ელქიდან“, დეპუტატი ედმონ მარუკიანი ამბობს, რომ „რესპუბლიკელები“ შეეცდებიან ახალ პრემიერს პარლამენტში დიდი პრობლემები შეუქმნან:

ვიცი, რომ წინ გველის რთული დღეები როგორც პარლამენტში, ისე სხვა ადგილებში, ყველა ღონეს იხმარენ რომ ახალ პრემიერთან და მთავრობასთან დაკავშირებული იმედები არ გამართლდეს"
ედმონ მარუკიანი, სომხეთის პარლამენტის წევრი

„ვიცი, რომ წინ გველის რთული დღეები როგორც პარლამენტში, ისე სხვა ადგილებში, ყველა ღონეს იხმარენ რომ ახალ პრემიერთან და მთავრობასთან დაკავშირებული იმედები არ გამართლდეს. თუმცა, გარწმუნებთ, რომ ეს მცდელობები უშედეგო იქნება, იმიტომ, რომ სომხეთში შეუქცევადი ცვლილებები იწყება.“

ფაშინიანმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთი რჩება რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად, ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა (EEU) და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ODKB) წევრად, მაგრამ ამავე დროს, ევროკავშირთან, აშშ-თან, ირანთან, საქართველოსთან და ჩინეთთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს განავითარებს”.

ნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი

აზერბაიჯანთან კონფლიქტზე საუბრისას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ "მოლაპარაკებები ვერ იქნება ეფექტური და სრულფასოვანი, მასში, კონფლიქტის მონაწილე მხარის - მთიანი ყარაბაღის ჩართვის გარეშე". 9 მაისს, სომხეთის ახალი პრემიერი პირველი ვიზიტით სწორედ სტეფანაკერტში ჩასვლას გეგმავს. 14 მაისს, კი სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის იმედი აქვს.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე არჩევამდე, ფაშინიანი სომხეთში რუსეთის, აშშ-ს და საქართველოს ელჩებს შეხვდა. საქართველოს მან „მოძმე, მეგობარი ქვეყანა“ უწოდა, რომელთანაც ურთიერთობას, გეოპოლიტიკური გავლენები“ უნდა ჩამოშორდეს.

ერთი წლის წინ, „ალიქ მედიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობაზე საუბრისას ოპოზიციონერი დეპუტატის რანგში ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც მაშინ ორი ქვეყნის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფის წევრი იყო ამბობდა:

მიმაჩნია, რომ ძალიან პერსპექტიული საკითხია ირანი-სომხეთი-საქართველოს გაზგამტარის აშენება. საქართველოც და სომხეთიც დაინტერესებულნი არიან სპარსეთის ყურეში ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობით, ასევე შავი ზღვიდან სპარსეთის ყურეში გასვლით"
ნიკოლ ფაშინიანი, ნაწყვეტი 2017 წლის მარტის ინტერვიუდან

„სომხურ-ქართული ურთიერთობები ცუდი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ვფიქრობ, პრობლემა იმაშია რომ დღესაც, გუშინაც ჩვენი ურთიერთობების სრული პოტენციალი არ გამოიყენება და სხვადასხვა გარემოებების გამო შეზღუდულია.

ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, სომხეთს ირანთან და საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, ისეთი, რომელიც მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენის ქვეშ არ მოექცევა. მიმაჩნია, რომ ძალიან პერსპექტიული საკითხია ირანი-სომხეთი-საქართველოს გაზგამტარის აშენება.

საქართველოც და სომხეთიც დაინტერესებულნი არიან სპარსეთის ყურეში ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობით, ასევე შავი ზღვიდან სპარსეთის ყურეში გასვლით, ამით შესაძლებელია ახალი და უსაფრთხო სავაჭრო გზის შექმნა.“

სომხეთში „ხავერდოვანი რევოლუცია“, რომელსაც თავად ყოფილი ჟურნალისტი და ახალი პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი „სიყვარულის რევოლუციას“ უწოდებს 13 აპრილს დაიწყო, ლოზუნგით „გადადგი ნაბიჯი და განუდექი სერჟს“.

სომხეთის მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება მოჰყვა, საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, ექს-პრეზიდენტ (2008-2018) სერჟ სარქისიანის მიერ 17 აპრილს პრემიერ მინისტრის პოსტის დაკავებას. მძლავრმა საპროტესტო ტალღამ, რომლის სათავეშიც ფაშინიანი აღმოჩნდა, ერევნის გარდა გიუმრი, იჯევანი, ვანაძორი, რაზდანი და აშტარაკი მოიცვა.

სერჟ სარქისიანის და ნიკოლ ფაშინიანის უშედეგო მოლაპარაკება
სერჟ სარქისიანის და ნიკოლ ფაშინიანის უშედეგო მოლაპარაკება

ოპოზიციამ სომხეთის დედაქალაქში სამთავრობო შენობების, გზების ჩახერგვა და ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტის პარალიზებამოახდინა . 22 აპრილს, სერჟ სარქისიანთან უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანი და მისი მომხრეები დააპატიმრეს. ამას პროტესტის კიდევ უფრო გაძლიერება და 23 აპრილს, ხუთი დღის არჩეული პრემიერ სარქისიანის გადადგომა მოჰყვა.

ნიკოლ ფაშინიანი

დაიბადა იჯევანში, 1975 წელს

პროფესიით ჟურნალისტი

ჟურნალისტიკას მეოთხე კურსამდე სწავლობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საიდანაც პოლიტიკური საქმიანობის გამო გარიცხეს

ჟურნალისტური მოღვაწეობა

მუშაობდა სომხურ გაზეთებში „ავანგარდი“, „დპრუციუნი“, „ჰაიასტანი“, „დრაპუტი“, „ჟურნალი“, „ბლოგი“, „ლრაგირი“, „პლანეტა“, „მოლორაკი“. დაარსა და რედაქტორობდა გამოცემებს: „ორაგირსა“ და „აიკაკან ჟამანაკს“. 1999 წელს, "ცილისმწამებლური" პუბლიკაციის გამო „ორაგირი“ 25 ათასი დოლარით დააჯარიმეს, გაზეთი დაიხურა, ხოლო ფაშინიანს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"აიკაკან ჟამანაკის" რედაქტორობის დროს
"აიკაკან ჟამანაკის" რედაქტორობის დროს

1999-2008 წლებში „აიკაკან ჟამანაკის“ მთავარი რედაქტორი იყო, სადაც მისმა მეუღლემ ანა აკობიანმა შეცვალა. 2004 წელს, შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს, როცა გაზეთის კუთვნილი ავტომანქანა „ნივა“ ააფეთქეს.

პოლიტიკური მოღვაწეობა

1998 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატის აშოთ ბლეიანის შტაბში იყო; 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური ბლოკის „იმპიჩმენტის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი გახდა, თუმცა ბლოკმა მხოლოდ 17 000 ხმა მიიღო (1,29%).

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სომხეთის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის შტაბშია, დამარცხების შემდეგ, მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით ფაშინიანზე ძებნა გამოცხადა. 16 თვიანი მიმალვის შემდეგ, 2009 წელს ჩაბარდა, მიესაჯა 7 წელი, თუმცა, საპატიმროში 2 წელზე ნაკლები დაჰყო და 2011 წელს, ამნისტიით გათავისუფლდა.

ციხეში დაწერილი "დედამიწის სხვა მხარე“
ციხეში დაწერილი "დედამიწის სხვა მხარე“

ციხეში მან „დედამიწის სხვა მხარე“ დაწერა, სადაც აღწერა თუ როგორ იმალებოდა ჯერ თბილისში, შემდეგ ჯავახეთში და დადიოდა ფარავნის ტბაზე. განთავისუფლების შემდეგ, ფაშინიამა ამ ჩანაწერებს „სისულელე“ უწოდა და აღნიშნა, რომ სომხეთის საზღვრები არ დაუტოვებია.

2012 წელს, ლევონ ტერ-პეტროსიანის პარტიის სომხეთის ეროვნული კონგრესის სიით პარლამენტის დეპუტატი გახდა. 2013 წელს, ახალი ოპოზიციური პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულება“ დაარსა; 2016 წელს, ლიბერალური ოპოზიციური ალიანსის „ელქის“ რიგებშია, საიდანაც 2017 წელს, დეპუტატი მეორედ ხდება.

2017 წლის სექტემბერში ერევნის მერის არჩევნებში ხმების 21% მიიღო, მაგრამ დამარცხდა. 2018 წლის აპრილიდან მძლავრი საპროტესტო ტალღა ააგორა და 8 მაისს სომხეთის ახალი პრემიერი გახდა.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი. არის როკის დიდი მოყვარული, ხავერდოვანი რევოლუციის დღეებში, განსაკუთრებით დაუახლოვდა ჰარდ-როკ ჯგუფის System of a Down-ის სოლისტს, სომხური წარმოშობის ამერიკელ სერჟ თანქიანს. იგი გუშინ ფაშინიანის მხარდასაჭერად ერევანში ჩაფრინდა და მასთან ერთად ცენტარლურ მოაედანზე იმღერა.

XS
SM
MD
LG