ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკას ქალი პრეზიდენტი პირველად ეყოლება, წინასწარი მონაცემებით შეინბაუმმა გაიმარჯვა


კლაუდია შეინბაუმი, საპრეზიდენტო კანდიდატი. მეხიკო, მექსიკა, 3 ივნისი, 2024 წ.
კლაუდია შეინბაუმი, საპრეზიდენტო კანდიდატი. მეხიკო, მექსიკა, 3 ივნისი, 2024 წ.

ორშაბათს, 3 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა, კლაუდია შეინბაუმმა გაიმარჯვა. ოფიციალური მონაცემების საბოლოოდ დადასტურების შემდეგ, ის ქვეყნის პირველი ქალი ლიდერი გახდება.

არჩევნების ეროვნული ინსტიტუტის განცხადება ემთხვევა ეგზიტპოლების წინასწარ შედეგებს, რომელთა მიხედვითაც, 2 ივნისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, 61 წლის შეინბაუმი ხმების 58.3-60%-ით დაწინაურდა. პირველადი შედეგებით, მმართველი პარტია ასევე დიდი უმრავლესობით იმარჯვებს მექსიკის კონგრესის ორივე პალატაში.

სოჩილ გალვესს, შეინბაუმის მთავარ ოპონენტს, ბიზნესის სფეროდან მოსულ სენატორ ქალს, რომელიც მემარჯვენე პარტიათა ალიანსს წარმოადგენდა, ხმა ამომრჩეველთა 26.6-28.6%-მა მისცა. მესამე ადგილზე დაახლოებით 10%-ით გავიდა ცენტრისტული პარტიის კანდიდატი ხორხე ალვარეს მაინესი.

პირველადი შედეგების გამოცხადებისთანავე, კლაუდია შეინბაუმი მხარდამჭერებს შეხვდა და მათ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ხმის მიცემის პროცესმა აჩვენა, რომ მექსიკა დემოკრატიული ქვეყანაა. შეინბაუმმა აღნიშნა, რომ ის მადლიერია, რადგან 200-წლიანი ისტორიის განმავლობაში, მექსიკას პირველად ეყოლება ქალი პრეზიდენტი.

მან პირობა დადო, რომ ააშენებს სამართლიან და უფრო აყვავებულ ერს, რომელიც იქნება კორუფციისგან თავისუფალი, ფისკალურად პასუხისმგებელი და სადაც დანაშაულის დაუსჯელობის პრობლემა აღმოიფხვრება. ის ამომრჩევლებს ასევე დაპირდა, რომ მექსიკის მთავრობა იმუშავებს ენერგო-სუვერენიტეტზე და განახლებად ენერგიაზე. შეინბაუმმა ასევე ხაზგასმით განაცხადა, რომ მექსიკას ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრული ურთიერთობა ექნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG