ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი საქართველოს სუვერენიტეტს სირიის სუვერენიტეტისგან ასხვავებს


ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ელიოტის სკოლაში „პონარსის“ ევრაზიის პოლიტიკის ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს. ორდღიანი ღონისძიების განმავლობაში რამდენიმე დისკუსიაა დაგეგმილი, მათ შორის, რუსეთის უსაფრთხოებასთან, პუტინის მეორე საპრეზიდენტო ვადის შეფასებასთან და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით.

ამერიკის ხმის მიმოხილვა კონფერენციის პირველ მოხსენებაზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ქალბატონი კიმბერლი მარტენმა წარმოადგინა. მისი აზრით, პუტინის რუსეთში რამდენიმე ტენდენცია ჩამოყალიბდა. ამ ტენდენციებზე დაყრდნობით, სახელმწიფო აპარატი გადაწყვეტილებებს როგორც საშინაო ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით იღებს. მათ შორის, ერთ-ერთი საყურადღებო ისაა, რომ რუსეთის დღევანდელი ლიდერები, განსაკუთებით კი პრეზიდენტი პუტინი, ცდილობს რუს საზოგადოებას თავი ძლიერად მოაჩვენოს. პროფესორმა სწორედ ამ ტენდენციას დაუკავშირა ის, რომ პუტინმა ცოტა ხნის წინ გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსში“ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ამერიკას დემოკრატიის პრინციპებზე გაუმახვილა ყურადღება. ამერიკულმა საზოგადოებამ სტატია შეურაცხმყოფელად შეაფასა. თუმცა, პროფესორი მარტენის აზრით, სტატია რუსეთის შიდა მოხმარებისთვის უფრო იყო გამიზნული, ვიდრე ამერიკელებისთვის. ამით პუტინმა საკუთარ ხალხს დაანახა, რომ ისევ ისეთი ძლიერია, რომ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკულ გაზეთში ამერიკის სალანძღავი სტატია გამოაქვეყნა.

მეორე საყურადღებო დაკვირვება მის მიერ პოლიტიკის ინდივიდუალიზაციაა. ეს გამოიხატება როგორც ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან, ასევე ბევერ სხვა სახელმწიფო ლიდერთან მიმართებაში. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს პრეზიდნეტი მიხეილ სააკაშვილია. პუტინს მასთან პირადი ურთიერთობა არ სურდა რის გამოც, რუსეთი საქართველოსთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკებაზე აცხადებდა უარს, როგორიცაა სამხედრო დაპირისპირება და ტერიტორიული დავები. მარტენმა იგივე არგუმენტი მიუსადაგა პუტინის ურთიერთობას

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადთან ურთიერთობასაც. ეკონომიკურ და სტრატეგიულ ფაქტორებთან ერთად პუტინის ასადთან პირადი კავშირები დიდ როლს თამაშობს რუსეთის მიერ სირიის მთავრობის მხარდაჭერაში.
სირიის მთავრობის მხარდაჭერა რუსეთსა და ამერიკას შორის უთანხმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთან დაკავშირებით ამერიკის ხმამ კონფერენციაზე გამომსვლელებს შემდეგი შეკითხვა დაუსვა:

რუსეთი დაჟინებით აცხადებს, რომ სირიაში მესამე ძალის ნერბისმიერი სამხედრო ოპერაცია ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში დარღვევა იქნება, რაც თანამედროვე მსოფლიოში მიუღებელია, მიუხედავად იმისა, თუ რა მეთოდებით უმკლავდება ხელისუფლება ოპოზიციას. რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში არა მხოლოდ სუვერენული ქვეყნის საერთაშორისო საზღვრები სამხედრო ძალით გადაკვეთა, არამედ საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. რით განსხვავდება საქართველოს სუვერენიტეტი სირიის სუვერენიტეტისგან? როგორ შეიძლება ავხსნათ ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკა? შეიძლება თუ არა ვიფიქროთ, რომ კრემლის დამოკიდებულება ქვეყნების სუვერენიტეტის მხრივ რადიკალურად იცვლება თუ რუსეთი საქართველოს არ აღიქვამს, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის თანსწორუფლებიან წევრს?

პროფესორი მარტენის აზრით, რუსეთის პოლიტიკაში არანაირი ცვლილება არ ფიქსირდება. ქვეყნის სუვერენიტეტი უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ადვილი არგუმენტია, რომელსაც არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის მთავრობა იყენებს უკიდურესად კომპლექსური საკითხებისთვის მარტივი გადაწყვეტილების მოსანახად. რუსეთის დამოკიდებულება სუვერენიტეტის პატივისცემის მხრივ არ შეცვლილა. ერთი ის შეიცვალა, რომ მოსკოვს სირიის საკითხში დიპლომატიური გადაწყვეტილების მონახვის გარდა სხვა გამოსავალი არ რჩება და ამიტომაც ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობა საერთაშორისო ნორმების მოხსენიებით დიპლომატიური წნეხის ქვეშ მოაქციოს. ეს გაცილებით ადვილი და მარტივი გასაკეთებელია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ალტერნატივა.
XS
SM
MD
LG