შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მიერ ჩინეთის მიმართ გამოთქმული ბოლო გაფრთხილება, რომ ირანთან კავშირის გაღრმავებით ჩინეთმა შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, წარმოშობს კითხვებს, თუ რამდენად შორს წასვლას აპირებს პეკინი, რომ მომავალი შეთანხმებით თავისი პარტნიორი თეირანი გააძლიეროს, რაც ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობას დაძაბავს.
პომპეომ “ფოქს-ნიუსს” უთხრა: “ჩინეთის ირანთან დაახლოება ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციას გამოიწვევს, ისრაელს რისკის ქვეშ დააყენებს. საუდის არაბეთის სამეფოს და საემიროებსაც რისკს შეუქმნის”. მან ამერიკის სამ მოკავშირეს და სხვა რეგიონულ ქვეყნებს დაჟინებით მოუწოდა პეკინს, ვაშინგტონის ერთ-ერთ მთავარ საერთაშორისო მეტოქეს, სიფრთხილით მიუდგნენ.
პომპეომ დაამატა: “ირანი მსოფლიოში ტერორის ყველაზე დიდ სპონსორ სახელმწოფოდ რჩება. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხრიდან შემოდინებული შეიარაღების სისტემები, ბიზნესი და ფული, რეგიონის რისკებს მხოლოდ გაზრდის”. თეირანი, რომელმაც ისლამისტი მებრძოლი დაჯგუფებები შეაიარაღა და ათწლეულების განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთში და მის გარეთ ტერორისტულ თავდასხმებში ედება ბრალი, საკუთარ თავს ტერორის მსხვერპლად წარმოადგენს და არა სპონსორად.
შეერთებული შტატების მთავარი დიპლომატი საუბრობდა გასულ თვეში, დასავლურ მედიაში გამოქვეყნებული ცნობების შესახებ, რომელიც მიანიშნებდა, რომ ჩინათი და ირანი მიუახლოვდნენ 25-წლიანი სავაჭრო და სამხედრო შეთანხმების საბოლო ჩამოყალიბებას, რომელიც “ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის” სახელითაა ცნობილი. ასეთი შეთანხმების - უმაღლესი დონის ორმხრივი შეთანხმების, რომელსაც პეკინი პარტნიორთან დებს - მიღწევისთვის მუშაობის საკითხზე, ჩინელი და ირანელი ლიდერები პირველად 2016 წელს შეთანხმდნენ.
ბოლო კვირებში, ირანის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ჩინეთთან შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ მისი დასრულების შესახებ მინიშნება არ გაუკეთებიათ. პეკინს მოლაპარაკების შესახებ დეტალები არ გაუზიარებია.
ორი რეგიონული სახელმწიფო, ათწლეულების განმავლობაში ერთმანეთის ეკონომიკური და სამხედრო მოკავშირე იყო. ჩინეთი ირანის მთავარი სავაჭრო პარტნიორია, თეირანი მას იარაღს ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან აწვდიდა. გაეროს უშიშროების საბჭომ 2010 წლიდან, ირანისთვის იარაღის საერთაშორისო მიყიდვა აკრძალა, მაგრამ ემბარგოს ვადა 18 ოქტომბერს გასდის და და ჩინეთმა მიანიშნა, რომ მის გაგრძელებაზე ამერიკული რეზოლუციის პროექტს ვეტოს დაადებს.
დეკემბერში, ჩინეთი ასევე მონაწილეობდა პირველ სამმხრივ საზღვაო წვრთნებში ირანთან და მათ საერთო პარტნიორ რუსეთთან ერთად, რომელიც ინდოეთის ოკეანეში და ომანის ყურეში მოეწყო.
ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ პეკინი ძლიერადაა დაინტერესებული ირანთან შეთანხმება დადოს და თეირანისთვის შეიარაღების მიყიდვა განაახლოს. ასევე, ირანულ ნავთობზე შეღავათიანი ფასების და სხვა დათმობების სანაცვლოდ, მის დასუსტებულ ეკონომიკაში მილიარდობით დოლარი შეიტანოს.
ირანი რეცესიაშია 2018 წლიდან, როდესაც შეერთებულმა შტატებმა სანქციების გამკაცრება დაიწყო, რომელიც მისი მავნე საქციელის შესაჩერებლად, თეირანზე ზეწოლისთვის იყო გამიზნული. შეერთებული შტატების ერთპიროვნულმა სანქციებმა, ჩინეთის გარდა, ქვეყნების უმეტესობა აიძულა ირანული ნავთობის, თეირანის შემოსავლის მთავარი წყაროს შესყიდვა შეეჩერებინათ.
ახალი ამბების ვებ-გვერდ “ტაბლეტში” 2 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში, ვაშინგტონში მდებარე “ჰადსონის ინსტიტუტის” ანალიტიკოსებმა, მაიკლ დორანმა და პიტერ რაფმა თქვეს, რომ ირანის და რუსეთის “დესტაბილიზაციის აქტიურობის” გაძლიერებით, ჩინეთს “ბევრი და საფუძვლიანი” სარგებელი აქვს.
დორანმა და რაფმა თქვეს, რომ ჩინეთის ასეთ სტრატეგიას შეეძლება “ძალა გამოაცალოს” ამერიკის ლიდერებს, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთში ვალდებულებების შემცირება სურთ, “ზიანი მიაყენონ ამერიკის პრესტიჟს” იმით, რომ ირანს საშუალება მისცენ გააძლიეროს გაერთიანებული ძალები, რომელიც რეგიონში ამერიკის გავლენას ებრძვის და ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების რესურსები დასავლეთ წყნარ ოკეანეში ყოფნის ნაცვლად, სადაც ჩინეთს დომინირება სურს, ირანის საშიში საქციელის გამო, სპარსეთის ყურეს “მიაჯაჭვოს”.
“ჰადსონის” ანალიტიკოსებმა თქვეს, რომ ჩინეთისთვის კიდევ ერთი სარგებელი, შეერთებულ შტატებსა და ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეებს შორის უთანხმოების დათესვა იქნება იმ საკითხებზე, თუ ირანის ბირთვულ პროგრამას და რეგიონის კონფლიქტებში ჩართულობას თავი როგორ გაართვან. ისინი ამბობენ, რომ ამერიკის მოკავშირეები, რომლებიც რეგიონისადმი ვაშინგტონის ვალდებულებებს ეჭვქვეშ აყენებენ, იძულებული იქნებიან პეკინთან უკეთესი ურთიერთობა ჩამოაყალიბონ.
სხვა ანალიტიკოსებმა “ამერიკის ხმის” სპარსულ რედაქციას უთხრეს, რომ ხედავენ რამდენიმე ფაქტორს, რომელიც ჩინეთს გადააფიქრებინებს მისცეს ირანს საშუალება, რომ ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაცია გააღრმავოს.
ბელგიის ვესალის კოლეჯის საგარეო ურთიერთობების პროფესორმა, გაი ბარტონმა თქვა: “ჩინელებისთვი სტატუს-ქვო საკმაოდ კარგი იყო”. მან თქვა, რომ 2003 წელს, შეერთებული შტატების ლიდერობით ერაყში შეჭრამ და იქ შეერთებული შტატების ხანგრძლივმა სამხედრო ყოფნამ, საკმარისი სტაბილურობა შექმნა იმისთვის, რომ ჩინეთს ერაყის ნავთობის და გაზის ინდუსტრიაში მომგებიანი კონტრაქტები მიეღო. თუ ირანის მიერ მხარდაჭერილი ერაყის შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებები, იქ მყოფ ამერიკულ ძალებზე თავდასხმებს გააძლიერებენ, ასეთ სტაბილურობას შესაძლოა საფრთხე შეექმნას.
ბარტონმა თქვა, რომ კიდევ ერთი ფაქტორია ჩინეთის ინტერესი, რომ ირანის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების აგრესიული უგულებელყოფით, ვაშინგტონთან დაძაბულობა არ გაამძაფროს. იმ დროს, როდესაც პეკინი ირანული ნავთობის მთავარ მყიდველად რჩება, მან თქვა, რომ გასული წლის განმავლობაში, პეკინი ნავთობის იმპორტს და ირანში სხვა ინვესტიციებს “ძალიან ჩუმად ამცირებდა”.
ვირჯინიის შტატის ქალაქ არლინგტონში მდებარე “რენდ კორპორაციის” უფროსმა ეკონომისტმა ჰოვარდ შაცმა თქვა, რომ შესაძლოა ჩინეთმა ირანი ისეთი პარტნიორობის მიღებაზე ვერ დაითანხმოს, როგორიც პეკინს სურს: “ირანის მოსახლეობა სრულად არ ემხრობა ქვეყანაში დიდი მასშტაბის ჩინურ ჩართულობას. ამჟამად, ჩინეთი ირანის ეკონომიკის სასიცოცხლო ხაზს უზრუნველყოფს, თუმცა ზოგიერთი ირანელი შიშობს, რომ შესაძლოა ჩინურმა ჩართულობამ, რეგიონში ირანის ძლიერება შეზღუდოს.”
ანალიტიკოსმა “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ პეკინის ირანთან დაახლოების მისწრაფების კიდევ ერთი შემაკავებელი ის მძლავრი ეკონომიკური და სამხედრო კავშირებია, რომელიც ჩინეთს ამერიკის მოკავშირეებთან - საუდის არაბეთთან, გაერთიანებულ არაბულ საემიროებთან და ისრაელთან აქვს.
ჩინეთს “ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა” საუდის არაბეთთანაც აქვს და გერთიანებულ საემიროებთანაც. ეს ორი ქვეყანა მისი ნავთობის იმპორტის მთავარი წყაროა და ამასთანავე, ორივე ქვეყანა მის შეიარაღებას ყიდულობს. ჩინეთს ისრაელთანაც აქვს უფრო ნაკლები დონის პარტნიორობა. ჩინეთი ებრაული სახელმწიფოს მაღალტექნოლოგიურ სექტორში ინვესტიციებს ახორციელებს.
ვაშინგტონში მდებარე, სპარსეთის ყურეს არაბული ქვეყნების ინსტიტუტის ანალიტიკოსმა რობერტ მოგიელნიკიმ თქვა, რომ ასეთი ურთიერთობები ჩინეთისთვის “უფრო უსაფრთხო ფსონია”, ვიდრე ირანთან უფრო მჭიდრო კავშირი.
“ვხედავ ბევრად მეტ სტაბილურობას და პოტენციალს ჩინეთისთვის, რომ რეგიონში უკვე არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობები განავითაროს და ხელმეორედ არ გამოიგონოს ბორბალი ისეთ სარისკო პარტნიორთან, როგორიც ირანია”, თქვა მოგიელნიკიმ.
Facebook Forum