ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეო: ვენესუელის ხალხი მადუროს დიდხანს ვეღარ მოითმენს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ მომპეო ამბობს, რომ არ ფიქრობს, ვენესუელის ხალხი მადუროს რეჟიმს კიდევ დიდხანს მოითმენს.

კვირას, პერუს გაზეთ „ელ კომერსიოს“ პომპეომ უთხრა: „ნგრევა, რომელიც ნიკოლას მადურომ გამოიწვია, ჰუმანიტარული ვითარების ტრაგედია, მოიტანა მხოლოდ მადუროს არჩევანმა, მოეყვანა კუბელები და რუსებისთვის ნება დაერთო ქვეყანაში ინტერვენცია მოეხდინათ. ეს არის ის, რაც ვენესუელაში ახალგაზრდების ცხოვრებას ანადგურებს.“

პომპეოს, სამხრეთ ამერიკის ოთხ ქვეყანაში ტურის ბოლო დღე ჰქონდა. ჩილეში, პარაგვაიში, პერუში და კოლუმბიაში მოლაპარაკებების დროს, ვენესუელის ეკონომიკური და პოლიტიკური უბედურების თემა, ყველაზე მთავარ საკითხებს შორის იყო.

სახელმწიფო მდივანმა თქვა: „ეს ბოლო კვირებში ან თვეებში არ მომხდარა. ეს ნგრევა კუბელებმა, რუსებმა და მადურომ ბოლო წლების განმავლობაში მოიტანეს... დიდი იმედი მაქვს, რომ ამის დასასრული მალე დადგება.“

პომპეომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ყველა ვარიანტი განიხილება, როდესაც საქმე ვენესუელაში შეერთებული შტატების ჩართულობას ეხება, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციას არ უთქვამს, თუ სამხედრო მოქმედებას როგორ ვითარებაში მიმართავს.

შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის ზოგიერთი ოფიციალური პირის და ნავთობის სექტორის წინააღმდეგ, რიგი სანქციები უკვე დააწესა.

კოლუმბიაში ვიზიტის დროს, პომპეო სასაზღვრო ქალაქ კუკუტას ეწვევა, რომელსაც ვენესუელისგან ხიდი ჰყოფს.

ქალაქ კუკუტას საწყობებში ტონობით ამერიკული სურსათი, მედიკამენტები და სხვა ჰუმანიტარული ტვირთია, რომელიც ადრესატამდე მიტანას ელოდება. მადურომ ამერიკული დახმარების ქვეყანაში დაშვებაზე უარი თქვა და მას ამერიკის შეჭრის ავანგარდი უწოდა.

პომპეომ თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ღრმად ჩართულობა სურს და აღნიშნა, რომ კარგი დემოკრატიები, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკები და გამჭვირვალობა ამ რეგიონში ყოველთვის არ იყო აყვავებული.

„ლათინურ ამერიკაში წლების განმავლობაში ბევრი კომუნისტური ქვეყანა იყო, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ეს შეიცვალა. ტოტალიტარული, ორველის მიერ აღწერილი კომუნიზმი სამხრეთ ამერიკის ხალხმა უარყო. ეს შესანიშნავია.“ თქვა სახელმწიფო მდივანმა.

მაგრამ იმ დროს, როდესაც პომპეომ თქვა, რომ შეერთებული შტატები მიესალმება ლათინურ ამერიკაში ჩინური კერძო ბიზნესის მიერ საქონლის და მომსახურების შეტანას, რომლითაც ის ამერიკულ შეთავაზებას კონკურენციას უწევს, მან იქვე დაამატა, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნები ფხიზლად უნდა იყვნენ, რადგან ჩინური კომპანიები შესაძლოა „ბოროტი საქმიანობისთვის“ შემოვიდნენ.

„სახელმწიფო საწარმოები, ჩინეთის მთავრობასთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიები, რომელთაც თქვენს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა სურთ... გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ყველა ფხიზლად იქნება,“ თქვა პომპეომ.

შეერთებულმა შტატებმა ჩინურ კომპიუტერულ და ტელეკომუნიკაციების ფირმებს, მათ შორის „ჰუავეის“, საკუთარ ნაწარმში საჯაშუშო პროგრამების ჩაყენებაში დასდო ბრალი. ამ ბრალდებას კომპანიები უარყოფენ.

პომპეომ პერუს გაზეთს უთხრა, რომ თუ ქვეყანა ჩინურ ტექნოლოგიას იყენებს, მათი ინფორმაცია „პრეზიდენტ სი ძინ პინის და სახალხო გამათავისუფლებელი არმიის ხელში აღმოჩნდება.“

XS
SM
MD
LG