პენტაგონი ჯერ ისევ არ აკეთებს განცხადებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტვიტთან დაკავშირებით, რომელშიც ის ამერიკული ჯარების ავღანეთიდან გამოყვანაზე საუბრობს.
"საშობაოდ, ავღანეთში, მხოლოდ მცირე რაოდენობის მამაცი კაცები და ქალები [სამხედრო მოსამსახურეები] უნდა გვყავდეს!", დაწერა საკუთარ ტვიტერზე პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტების დებატების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მიმდინარე კვირაში.
თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა, ისევე როგორც, გენერალმა მარკ მილიმ არ ისურვეს კომენტარი გაეკეთებინათ ამ თემასთან დაკავშირებით და "ამერიკის ხმის" შეკითხვები თეთრ სახლთან გადაამისამართეს.
ერთ-ერთმა სამხედრო პირმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვის სანაცვლოდ "ამერიკის ხმასთან" ამ საკითხზე ისაუბრა, თქვა, რომ პრზიდენტის ტვიტერში გაკეთებული განცხადება იყო "პირველი სიტყვა", რაც ვინმემ გაიგო ავღანეთიდან ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებით. ახლა ანონიმური წყაროს ოფისი პენტაგონისგან "ელოდება ინსტრუქციებს, მეტი დეტალებისთვის".
ტრამპმა, ამერიკის ჩართულობას საზღვარგარეთ "სასაცილო, სულელური,დაუსრულებელი და უცხო ომი" უწოდა. თუ პრეზიდენტის მიერ ტვიტერზე ნათქვამი განხორციელდა, მაშინ, მისი დიდი ხნის წინ დადებული პირობა, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებით შესრულდება. ამერიკელების უმეტესობა, პრეზიდენტს ეთანხმება და სურს, რომ ამერიკული ჯარები შინ დაბრუნდნენ.
თუმცა, პრეზიდენტის ეს განცხადება, არ ეთანხმება მისი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, რობერტ ობრაიენის განცხადებას, რომელმაც რამდენიმე საათით ადრე თქვა, რომ ამერიკული ჯარის ნაწილი ავღანეთს 2021 წლის დასაწყისში დატოვებს და ჯარისკაცების რაოდენობა 5,000-იდან 2,500-მდე შემცირდება.
დაახლოებით, იგივე დროის მონაკვეთზე საუბრობდა ამერიკის სახელმწიფო მდივანი და ნომერ პირველი დიპლომატი მაიკ პომპეო. მისი თქმით, ჯარები ტერიტორიას, დაახლოებით, 2021 წლის გაზაფხულზე დატოვებენ.
ამერიკამ და თალიბანმა შეთანხმებას ამ საკითხზე 2020 წლის თებერვალში მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით, ავღანეთი ამერიკულმა ჯარებმა 2021 წლის შუა პერიოდში უნდა დატოვონ, სანაცვლოდ კი, თალიბანმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე ტერორისტულმა დაჯგუფებებმა არ მოაწყონ საერთაშორისო თავდასხმები.
Facebook Forum