აქციის მონაწილეები მას „ეს-აი-ესს“ (SIS) უწოდებენ, რაც ინგლისურიდან ასე ითარგმნება: მომარაგება, ინვენტარი, საწყობი. მასწავლებელთა ერთობის ფედერაციამ დემონსტრანტებს ადგილი უსასყიდლოდ დაუთმო. ის ზუკოტის პარკიდან, სადაც აქცია მიმდინარეობს, სულ სამი ქუჩის გადაღმა მდებარეობს.
ჯასტინ სტრეკალი ოჰაიოს შტატიდან ჩამოვიდა.
“ყველაფერს აქ ვინახავთ, რათა აქცია ზედმეტად არ გადაიტვირთოს. თან მხოლოდ დღისთვის აუცილებელი ნივთები გვაქვს. ასე რომ გრძელვადიანი ოკუპაციისთვის მზად ვართ“ - აცხადებს მოხალისე.
სტრეკალის თქმით საწყობში დღეში უსასყიდლოდ 400-მდე ყუთი მოდის. რას არ ნახავთ აქ, თბილ გადასაფარებლებს, ბალიშებს, ქურთუკებს, „წვიმის მერე განსაკუთრებით წინდები გვჭირდება ხოლმე“, ამბობს ის. ჰიგიენისთვის აუცილებელი ნივთებიც მრავლადაა, კბილის ჯაგრისები, შამპუნები და მარაგი პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის.
ქორი ტომპსონი მინეაპოლისის შტატიდან ამბობს, რომ ის, ვინც მონაწილეობას ფიზიკურად ვერ იღებს, მათ საჩუქრებს უგზავნის.
“არ დაიჯერებთ, ყუთები მოდის ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან, იაპონიიდან. მემგონი არ დარჩა ქვეყანა, რომლის ყუთიც აქ არ მინახავს“ - ამბობს ის.
სტრეკალის თქმით მათ საწყობს ორგანიზებული ქაოსი უნდა ერქვას. ამას გარდა მოძრაობამ დაახლოებით 250 ათასი დოლარის შეწირულობა მიიღო და ეს თანხაც მარაგის შევსებას ხმარდება.
„ვცდილობთ პროდუქცია მხოლოდ ისეთი კომპანიებისგან შევიძინოთ, რომლებიც თანამშრომლებს სამართლიანად ექცევა“ - ამბობს სტრეკალი.
მოხალისეები იმასაც ხვდებიან, რომ ზოგიერთი უკიდურესად გაჭირვებული მონაწილე აქ მხოლოდ უფასო საჭმლისთვის მოდის. მაგრამ ამას ყურადღებას დიდად არავინ აქცევს. „დღითიდღე ვძლიერდებით. ეს ყველაზე მთავარია“, ამბობს ქორი და ყოველი დამქანცველი სამუშაო დღის შემდეგ ისევ აქციას უერთდება.