ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთოს დამკვირვებლები აღ. უკრაინაში კონფლიქტის გამძაფრებას ელიან


ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ევროპის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი “ამერიკის ხმასთან” საუბარში აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინა ყველაზე მასშტაბური კონფლიქტის ესკალაციის პირასაა.

ეუთოს დამკვირვებლების ცნობით, სამშვიდობო შეთანხმება აღმოსავლეთ უკრაინაში, ყოველკვირეულად, დაახლოებით 7 000-ჯერ ირღვევა.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჰაგი ამბობს, რომ ეს მონაცემი რეალური ვითარების მხოლოდ ნაწილს ასახავს და მას აისბერგს ადარებს:

“ყველაზე მეტი ძალადობა ბოლო სამი კვირის განმავლობაში დავაფიქსირეთ. გამოყენებული იქნა არა მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღი, არამედ მძიმე ტექნიკაც,” ამბობს ჰაგი.

მძიმე ტექნიკის კონფლიქტის რეგიონიდან გაყვანა მინსკის სამშვიდობო შეთანხმებით იყო განსაზღვრული, მაგრამ როგორც ეუთოს დამკვირვებლები ამბობენ, აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილებში, სადაც სამოქალაქო მოსახლეობა ცხოვრობს, სხვა შეიარაღებასთან ერთად “გრადის” ტიპის ნაღმტყორცნებიც გამოიყენება.

“მძიმე ტექნიკა ისეთ ადგილებშია განლაგებული, სადაც ის აღარ უნდა იყოს. მაგრამ ვერ ვამტკიცებთ, თუ ვის ეკუთვნის ისინი, რადგან მათზე წვდომა არ გვაქვს. ხშირად ჩვენ მხოლოდ გვესსმის მათი ხმა და ფიზიკურად ამ ტექნიკას ვერ ვხედავთ. ფაქტია რომ შეთანხმების პირობებს არც ერთი მხარე ასრულებს,” ამბობს ჰაგი.

უსაფრთხოების ზომების დაუცველობა ყველაზე მძიმე ტვირთად სამოქალაქო მოსახლეობას აწვება. კონფლიქტმა ოჯახის წევრები ერთმანეთს დააშორა. ზამთრის დადგომასთან ერთად ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება დონეცკსა და გორლივკაში.

“ეს ზონა, წესით, ყველაზე უსაფრთხო უნდა იყოს, სინამდვილეში კი ახლა ყველაზე საშიში იქ ცხოვრებაა. ადამიანებს არ აქვთ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები, როგორიცაა ელექტრო-ენერგია, გათბობა და წყალი.”

უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ კვირას კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ მინსკში, თუმცა მინისტრების შეხვედრას დიდი შედეგი არ გამოუღია.

“ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო საზოგადოების გავლენა, განსაკუთრებით გვჭირდება ეუთოს უსაფრთხოების და შეიარაღებული პოლიციის მისია,” განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა.

ამჟამად უკრაინაში ეუთოს შეუიარაღებელი მისია მოქმედებს. ჰაგის თქმით, მნიშვნელოვანია მინსკის შეთანხმება კონფლიქტის ორივე მხარემ დაიცვას და მონიტორებს საშუალება მიეცეთ მძიმე ტექნიკის ადგილმდებარეობა გადაამოწმონ, სანამ კონფლიქტის მორიგი ესკალაცია მომხდარა.

XS
SM
MD
LG