უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ნაციონალისტურმა პარტიამ, კვირას გამართულ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, მისი ყოფილი მოკავშირე - უფრო პრო-ევროპული პოზიციებით - ამბობს, რომ ახალი პარტიის წარმატება მაინც საგულისხმო იყო და ეს პოლიტიკური გარდატეხის დასაწყისია.
ნაციონალისტურ-პოპულისტური პარტია "ფიდესმა", ხმების 44%-ით, ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ევროპარლამენტში ერთი მანდატი დაკარგა. თითქმის ყველა ხმა უკვე დათვლილია და ამ დროის მონაცემებით, ხმათა 30% მისი ყოფილი მოკავშირის პეტერ მაგიარის პარტიამ "პატივისცემა და თავისუფლება" მიიღო.
"ფიდეს"-ს ევროპარლამენტში უნგრეთის 21 მანდატიდან 11 მანდატი ექნება, მანამდე მას 13 წარმომადგენელი ჰყავდა. ახალი "ტისზა" პარტია კი სავარაუდოდ 7 მანდატს გააკონტროლებს.
საარჩევნო კომისიის თანახმად, ამომრჩევლის აქტივობა რეკორდულად მაღალი იყო და 10 ათასზე მეტ საარჩევნო უბანზე დარეგისტრირებული ამომრჩევლის 57% მივიდა. ვიქტორ ორბანი მის არც ისე წარმატებულ საარჩევნო ასპარეზობას გამოეხმაურა და თქვა, რომ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ მაღალი აქტივობისას, მისმა გუნდმა ორივე არჩევნებში მოიპოვა გაამრჯვება - როგორც შიდა, ადგილობრივ, ისე - ევროპარლამენტის არჩევნებში.
"დღეს ჩვენ დავამარცხეთ ძველი და ახალი ოპოზიცია, მნიშვნელობა არ აქვს რა ჰქვია ახლანდელ ოპოზიციას, ჩვენ მას კიდევ და კიდევ დავამარცხებთ", - თქვა ორბანმა, რომლის გუნდიც პარლამენტს უდიდესი უმრავლესობით 2010 წლიდან აკონტროლებს. მისი გუნდის წინასაარჩევნო კამპანია, დიდწილად, იმ შიშს ეფუძნებოდა, რომ უნგრეთი უკრაინაში მიმდინარე ომში ჩათრეული არ აღმოჩნდეს.
მისმა უმთავრესმა მოწინააღმდეგე მაგიარმა კი თავის კანდიდატებს წარმატება მიულოცა და თქვა, რომ ეს "ორბანის ვატერლოო" იყო - "დასასრულის დასაწყისი". მაგიარი ორბანის კაბინეტის წევრი იყო, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი და უნგრეთის პარლამენტის წარმომადგენელი ევროკავშირში. თუმცა 2023 წლიდან ის პრემიერს დაუპირისპირდა. ქვეყანაში შემდეგი საყოველთაო არჩევნები 2026 წელს გაიმართება.