ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი გარდაიცვალა


ჯალალედინ ჰაქანი - ადამიანი, რომელმაც თალიბანის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და სასტიკი დანაყოფი, ჰაქანის ქსელი შექმნა, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ეს ინფორმაცია თალიბანის პრეს-სპიკერმა ზაბიულა მუჯაჰიდმა სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა. ჰაქანი ავღანელ ჯიჰადისტებს 80-იან წლებში შეუერთდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლისას. ის მაშინ ამერიკის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოსთანაც თანამშრომლობდა, ეს უკანასკნელი კი მებრძოლებს სამჭოთა კავშირის წინააღმდეგ ქმედებებში ეხმარებოდა.

1990 წლიდან, მას შემდეგ, რაც თალიბანმა ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, ჰაქანის მინისტრის პოსტი ეკავა და დაჯგუფების მმართველთა საბჭოს წევრი იყო. დაჯგუფების სწორედ ის ფრთა, რომელსაც ჰაქანი მეთაურობდა, არის პასუხისმგებელი ზოგიერთ ყველაზე რთულ, კარგად დაგეგმილ და სასიკვდილო თავდასხმებზე, რომლებიც ბოლო წლებში ავღანეთში განხორციელდა.

ავღანეთისა და დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლების წევრები ვარაუდობენ, რომ 2017 წლის თავდასხმა, რომლის შედეგადაც ქაბულში, მანქანაში აფეთქებულმა ბომბმა 150 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და გერმანიის საელჩო დააზიანა, სწორედ მისი ფრთის მიერ იყო ორგანიზებული და განხორციელებული.

ჯგუფს ახლა მისი ვაჟი, სირაჯუდინ ჰაქანი მეთაურობს. ის თალიბანის ლიდერებს შორის რიგით მეორე ადამიანია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG