ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნების შემდგომი არეულობა თურქეთის ნაწილში - დაიღუპა ერთი ადამიანი, ოთხი - დაშავდა


თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ახლადარჩეული მერის ოპონენტებსა და მხარდამჭერებს შორის შეტაკებისას ოპოზიციის კანდიდატის ძმა დაიღუპა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა. ინციდენტი ძირითადად ქურთებით დასახლებულ რეგიონში მოხდა.

შეტაკება პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის პარტიის მხარდამჭერებსა და ოპოზიციური პარტიის, "დევას" მხარდამჭერებს შორის მოხდა. დაპირისპირება სამშაბათს ღამით, ქალაქ სიირტის პერვარის რაიონში დაფიქსირდა.

კვირას ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგად, რეგიონების უმეტესობაში, მათ შორის ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქებში, გამარჯვება ოპოზიციამ მოიპოვა. თუმცა ამ კონკრეტულ რაიონში ერდოღანის პარტიის მერობის კანდიდატმა ხმების 52%-ით გაიმარჯვა. ოპოზიციური "დევას" კანდიდატმა კი 40%-ით მეორე ადგილი დაიკავა.

გუბერნატორის განცხადებით, შეტაკების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. "დევას" თავმჯდომარის მოადგილემ მეჰმედ ემინ ეკმენმა თქვა, რომ გარდაცვლილი პირი პარტიის კანდიდატის ძმა იყო.

სიირტის გუბერნატორმა განაცხადა, რომ პოლიცია მომხდარს იძიებს და ექვსი ადამიანი უკვე დააკავეს. გუბერნატორისვე თქმით, უსაფრთხოების მიზნით პერვარის რაიონში კომენდანტის საათი ხუთშაბათამდე იქნება გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG