ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“დიახ, ჩვენ ეს შეგვიძლია” - ობამა ბირთვულ განიარაღებაზე


2009 წელს ბარაკ ობამამ პრაღაში გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს, როგორც ერთადერთ ქვეყანას, რომელმაც ატომური ბომბი გამოიყენა, გამორჩეული მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება. ამერიკა უნდა იყოს ლიდერი იმ მოძრაობის, რომელიც მსოფლიოს ბირთვული იარაღისგან თავისუფალს გახდის.

“ქალაქში ერთი ატომური ბომბის აფეთქებას, იქნება ეს ნიუ-იორკი, მოსკოვი, ისლამაბადი, თუ მუმბაი; ტოკიო, თუ თელ-ავივი, შესაძლოა ასობით ათასი ადამიანის დაღუპვა მოჰყვეს” - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. “და იმის მიუხედავად, თუ სად მოხდება ეს, მოსალოდნელ უარყოფით შედეგებს დასასრული არ ექნება, არც გლობალური უსაფრთხოებისთვის, არც ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი საზოგადოების, ეკონომიკის, თუ საერთოდ საბოლოო გადარჩენისთვის”.

ამ გამოსვლას ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე რამდენიმე საერთაშორისო სამიტი მოჰყვა 2010, 2012 და 2014 წლებში, რომელთა მთავარი მიზანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბირთვული უსაფრთხოების გაზრდა და ბირთვული მასალის ტერორისტების ხელში ჩავარდნის აღკვეთაა. მაშინ, 7 წლის წინ გაკეთებულ მიმართვაში პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ “გლობალური უსაფრთხოებისთვის ყველაზე ახლო და ყველაზე ექსტრემალური ხასიათის საფრთხე” ბირთვული იარაღის ტერორისტების ხელში ჩავარდნა იყო.

წლევანდელი სამიტის მიზანია კონკრეტული გეგმა შემუშავდეს, რათა დღეს მსოფლიოში არსებული ყველა, დაახლოებით 15 ათასი ბირთვული ქობინი განადგურდეს. მათი უმეტესი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებს და რუსეთს ეკუთვნის.

“გულუბრყვილო არ ვარ”, თქვა 2009 წელს პრეზიდენტმა ობამამ პრაღაში. “მიზნის მიღწევა სწრაფად არ მოხდება და შეიძლება მე ამას ვერც მოვესწრო. მოთმინება და თანმიმდევრობა დაგვჭირდება. იმათი იგნორირებაც, ვინც გვეტყვის, რომ სამყარო არ იცვლება. მაგრამ ჩვენ დაბეჯითებით უნდა განვაცხადოთ: დიახ, ჩვენ ეს შეგვიძლია” - დასძინა მან.

XS
SM
MD
LG