ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიახლეები ობამას გუნდში


ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონი სირიელ ამბოხებულებს იარაღით დაეხმარება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თაბვისი ეროვნული უსაფრთოხების და საგარეო პოლიტიკის გუნდის გადახალისების შესახებ განაცხადა. გაეროში შეერთებული შტატების ელჩი სუზან რაისი ამიერიდან უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი იქნება.
პრეზიდენტის თქმით, რაისი ამ თანამდებობაზე ტომ დონილონს შეცვლის. პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ამერიკაში ერთერთ ყველაზე გავლენიან თანამდებობად ითვლება. სუზან რაისი საკმაოდ წინააღმდეგობრივ ფიგურას წარმოადგენს, თუმცა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკის ხელისუფლებაში ამით არაფერი შეიცვლება.
“სუზანი სრულყოფილი საჯარო მოხელეა. ის პატრიოტია, რომლისთვისაც მთავარი პირველ რიგში მისი ქვეყანაა. ის არის პატიოსანი, მკაცრი და კარგად თამაშობს, როგორც ჩოგბურთს ასევე კალათბურთს,“ - განაცხადა ობამამ.
რაისი ობამას ერთერთი მრჩეველი იყო და ის 2009 წელს გაეროში ელჩად დაინიშნა. პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს, ის ეროვნული უშიშროების საბჭოში აფრიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა, როდესაც კლინტონმა 1994 წელს რუანდაში მიმდინარე გენოციდში ჩარევაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით, კლინტონმა უმოქმედობისთვის ბოდიში მოიხადა. როგორც ამბობენ, ამ გამოცდილებამ გავლენა მოახდინა რაისის შემდგომ გადაწყვეტილებებზე, რომელიც სხვა კონფლიქტებში სამხედრო ჩარევას შეეხებოდა. კერძოდ, რაისმა მხარი დაუჭირა ლიბიის თავზე არასაფრენი ზონის დაწესებას, რამაც შედეგად ლიბიის ლიდერის კადაფის დამხობა გამოიწვია. თუმცა, მოგვიანებით, სუზან რაისი რესპუბლიკელების კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ამის მიზეზი კი რაისის სატელევიზიო კომენტარები გახდა, რომელიც ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ამერიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე თავდასხმას შეეხებოდა. ამ კრიტიკამ განაპირობა მისი პოტენციური კანდიდატურის ჩავარდნა სახელმწიფო მდივნის პოსტზე. ამჟამად კი პრეზიდენტის მრჩევლის პოსტზე რაისის დამტკიცებას სენატის მხარდაჭერა არ სჭირდება. ამ თანამდებობაზე წარდგენისას კი რაისმა შემდეგი განაცხადა.
„როგორც უკვე განაცხადეთ, ჩვენ გვაქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა რათა წინ აღვიდგეთ არსებულ გამოწვევებს. ამერიკელი ხალხის სახელით წინ დიდი საქმე გველის,“ - განაცხადა სუზან რაისმა.
გაეროში სუზან რაისს კი სამანტა პაუერი შეცვლის, რომელიც მთავრობაში დემოკრატიის და ადამიანის უფლებებსი საკითხებზე მუშაობდა. პრეზიდეტმა ობამამ სენატს უკვე მოთხოვა ელჩის პოსტზე პაუერის დაუყოვნებლივი დამტკიცება.
„მან იცის გაეროს სიძლიერე და სისუსტეები. მან იცის, თუ რა არის ამერიკის ინტერესები მსოფლიოში და იცის თუ როგორ დაიცვას ის პრინციპები რისიც გვჯერა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ობამას საგარეო პოლიტიკაზე, განსაკუთრებით სირიაში.
ამერიკის პროგრესის ცენტრის ანალიტიკოსი ლოურენს კორბი ამბობს, რომ ახალი გუნდი მხარს ამბოხებულების შეიარაღებას დაუჭერს.
„ვფიქრობ ეს გაზრდის შანსებს, რათა ამერიკამ სირიელ ამბოხებულებს ლეტალური იარაღიც მიაწოდოს,“ - ამბობს კორბი.
სუზან რაისი პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობას ბარაკ ობამას ევროპული და აფრიკული ტურნეს დასრულების შემდეგ შეუდგება.
XS
SM
MD
LG