შეიძლება ითქვას, რომ სუზან რაისი ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში დაბადებიდან ტრიალებს. მას შეერთებული შტატების დედაქალაქში უცხოდ თავი არასოდეს უგრძვნია.
რაისი ფედერალური რეზერვის სისტემის მმართველის ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობიდან წარჩინებული მოსწავლე იყო და თანატოლებში არამარტო სკოლაში სწავლის დროს, არამედ მოგვიანებით სტუდენტურ წლებში, კალიფორნიაში მდებარე სტენფორდის და დიდ ბრიტანეთში ოქსფორდის უნივერსიტეტებშიც გამოირჩეოდა.
როგორც პოლიტიკოსის, სუზან რაისის ვარსკვლავი პირველად ბილ კლინტონის ადმინისტრაციის პერიოდში გაბრწყინდა. თავიდან რაისი პრეზიდენტის საგანგებო თანაშემწე იყო, შემდეგ კი სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთი მოადგილე.
როგორც კი ბარაკ ობამა პოლიტიკაში გამოჩნდა, რაისი იმ დღიდან მისი ერთგული მხარდამჭერი გახდა. ამიტომ არავის გაკვირვებია, რომ ობამას პრეზიდენტად არჩევიდან სულ რამდენიმე თვეში, 2009 წლის იანვარში სუზან რაისი გაეროში შეერთებული შტატების ელჩად დანიშნეს.
პრეზიდენტ ობამასთან ახლო ურთიერთობის გარდა, მას ძალიან ძლიერი რეზიუმეც აქვს - ამბობს ვაშინგტონში მდებარე ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი, დევიდ ბოსკო.
“მას კარგად ესმის, თუ როგორ მუშაობს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მანქანა და ეს ძალიან დასაფასებელია. რა თქმა უნდა მის პრეზიდენტთან ურთიერთობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს“ - აღნიშნავს პროფესორი.
გაეროში სუზან რაისს არაერთხელ მოუწია დიპლომატიური ჭიდილი რუს კოლეგასთან, რომელიც ძალიან რთულ დიპლომატად ითვლება. რაისის დიპლომატიურ სტილს სპეციალისტები ხშირად „მჭრელს“, “მკვეთს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ ის მკაცრი პირდაპირობით გამოირჩევა.
ბენღაზიში შეერთებული შტატების საკონსულოზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ, რომელშიც ამერიკის ელჩი და 2 ამერიკის მოქალაქე დაიღუპა, რაისი თეთრ სახლს და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ კანონმდებლებს შორის მიმდინარე პოლიტიკური ორთაბრძოლის შუაგულში აღმოჩნდა.
“პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად, ჩემი განცხადება მხოლოდ დაზვერვის მონაცემებს ემყარებოდა“ - განაცხადა სუზან რაისმა მაშინ გაეროში გამართულ პრესკონფერენციაზე.
რესპუბლიკელი სენატორები, მათ შორის იყო სამხრეთ კაროლინის წარმომადგენელი ლინდსი გრემი, სუზან რაისის კანდიდატურის განხილვის წინააღმდეგ გამოვიდა. სუზან რაისი მაშინ სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჰილარი კლინტონის შემცვლელად მოიაზრებოდა. რესპუბლიკელი კანონმდებლები მას ბენღაზიში მომხდარ ტერაქტზე გაკეთებული მათი შეხედულებით, არასწორი რეაგირების გამო აკრიტიკებდნენ.
„ არ ვთვლი, რომ ის დაწინაურებას იმსახურებს. უამრავი კვალიფიციური კადრი გვყავს ამ ქვეყანაში, რომელთა შორის პრეზიდენტს ღირსეული კანდიდატის შერჩევა არ გაუჭირდება. ყოველ ღონეს ვიხმარ, რომ არავინ დაწინაურდეს მათ შორის, ვინც ბენღაზის ინციდენტში წამყვან როლს თამაშობდა“ - განაცხადა მაშინ სენატორმა გრემმა.
რაისი მთავარ ოპონენტებს შეხვდა და მათ საქმის ვითარება უფრო დეტალურად გააცნო. პრეზიდენტის სრული მხარდაჭერის მიუხედავად მან მოგვიანებით სახელმწიფო მდივნის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ისე მოხსნა, რომ სენატში რაისისთვის კენჭი არ უყრიათ.
“სუზან რაისი ექსტრაორდინალური ადამიანია. მისი სამსახურით ამაზე მეტად ამაყი ვერ ვიქნებოდი“ - აცხადებს პრეზიდენტი ობამა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პოსტს ტოვებს ტომ დონილონი, ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, პრეზიდენტმა ობამამ სუზან რაისი მის შემცვლელად დაასახელა. ეროვნული უშიშროების მრჩევლის დანიშნვას სენატის მიერ დამტკიცება არ სჭირდება. ამიტომ, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილება საბოლოო უნდა იყოს და მას ხელს ამჯერად ვერაფერი შეუშლის.