იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი 20 იანვარს დაგეგმილ ინაუგურაციამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე დონალდ ტრამპს საზოგადოებისთვის მოულოდნელად ფლორიდაში ეწვია. ვიზიტის შემდეგ, კვირას, მელონიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
მელონი, რომელიც 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ იტალიაში მემარჯვენე კოალიციას უძღვება, ტრამპს მის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შაბათს შეხვდა. ამ ვიზიტის შესახებ წინასწარი განცხადება არ გაკეთებულა.
მელონიმ ტრამპთან ერთად გადაღებული ფოტო პლატფორმა "X"-ზე გამოაქვეყნა და კომენტარი დაურთო: „სასიამოვნო საღამო დონალდ ტრამპთან, რომელსაც მასპინძლობისთვის მადლობას ვუხდი... მზად ვარ თანამშრომლობისთვის“.
შეხვედრისა და განხილული საკითხების შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა, მაგრამ იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ თქვა, რომ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ირანში დაკავებული იტალიელი ჟურნალისტის, სესილია სალას ბედიც განიხილეს.
ჟურნალისტებისა და სხვების მიერ სოციალურ მედიაში გაზიარებული ვიდეოების თანახმად, არჩეული პრეზიდენტის მიერ წარდგენის შემდეგ, მელონის ტაშით შეხვდნენ.
მელონი, მისი კონსერვატიული რეპუტაციის გათვალისწინებით, ტრამპის პოტენციურად ძლიერ ევროპელ მოკავშირედ განიხილება. მას ასევე ახლო ურთიერთობა აქვს ილონ მასკთან, ტრამპის ახლო წრის წარმომადგენელთან, რომელმაც სამთავრობო უწყებების ეფექტიანობის შემმოწმებელ სააგენტოს უნდა უხელმძღვანელოს.
იტალიის ევროკავშირის და რეგიონული საქმეების მინისტრმა ტომაზო ფოტიმ განაცხადა, რომ შეხვედრამ აჩვენა, რომ იტალიას შეეძლება „ორ სამყაროს, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ხიდი“ იყოს.