გაზეთ „ბათუმელების“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა - მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი, - რაც ამაღლობელს წარედგინა, - ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მზია ამაღლობელი ბათუმში პროევროპულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს.„ბათუმელების“ განცხადების თანახმად, პლაკატზე ეწერა „იფიცება საქართველო“ და იყო "ამაღლობელის პროტესტი იმ ღამეს მსგავსი ქმედებისთვის ცხრა მოქალაქის რეპრესიული დაკავების წინააღმდეგ“.
მოგვიანებით მზია ამაღლობელი ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა მალევე ისევ დააკავეს - ამჯერად ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით.
„ბათუმელების“ განცხადებითვე, დაცვის მხარე ელოდება საქმის მასალებს და თავს იკავებს კომენტარის გაკეთებისგან.
„სანამ დაცვის მხარე დეტალებზე არ საუბრობს, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად“, - აცხადებს ორგანიზაცია.
ტელეკომპანია „იმედის“ გავრცელებულ უხმო კადრებში ჩანს, რომ ამაღლობელი სილას აწნის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.
„ტელეკომპანია „ფორმულას“ ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ... და აწვებიან მხრებზე“, - აცხადებენ გამოცემაში.
12 იანვარს მზია ამაღლობელი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა.
წარმომადგენლის თქმით, დაკავებულმა მას უთხრა, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა ბათუმის პოლიციის უფროსის მხრიდან, რომელმაც ის მას შემდეგ დააკავა, რაც ხელი, რომელზეც დაკავებისას ძალიან უჭერდნენ და სტკიოდა, გათავისუფლების შემდეგ ძლიერად აიქნია და უნებურად პოლიციელს მოარტყა.
მზია ამაღლობელის ადვოკატის, ჯაბა ქამაძის თქმით, ამაღლობელმა უფლებების დარღვევის ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. მზია ამაღლობელთან ერთად დააკავეს აქციის სხვა მონაწილეებიც.