მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქი ნიუ-იორკი პანდემიიდან გამოსვლას აგრძელებს, თუმცა კრიმინალური შემთხვევები მზარდია. გასულ შაბათ კვირას ქალაქში 20-ზე მეტი ადამიანი მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. რთული ვითარების პარალელურად, მზარდია კრიტიკა ნიუ-იორკის მერის და მისი ადმინისტრაციის მისამართით. ეს პროცესები კი ქალაქში მოახლოებულ არჩევნებს უსწრებს წინ.
ქალაქის მერობისთვის ბრძოლა შეიძლება ითქვას, ნიუ-იორკში კულმინაციაშია შესული. ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატი კი ენდრიუ იანგია. იანგი ნიუ-იორკში არსებულ კრიმინალურ ვითარებას კრიტიკულ მნიშვნელობას ანიჭებს და მოითხოვს ქალაქმა დაუყოვნებლივ გაზარდოს პოლიციელთა რაოდენობა როგორც ქალაქში, ისე საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ამ შემთხვევაში იანგი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ნიუ-იორკის მეტროებში პოლიციის პატრულირებას თვლის და პოლიციის ზრდაზე მიუთითებს.
ნიუ-იორკი დემოკრატების მიერ კონტროლირებული ქალაქია, თუმცა მიუხედავად ამისა, პარტიის შიგნით ამ დრომდე არ არსებობს საერთო პოზიცია, თუ როგორ უნდა მოხდეს პოლიციის რეფორმა, რომელიც ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიციის რეფორმირების საკითხი ერთი წელია განსაკუთრებით აქტუალური გახდა, მას შემდეგ რაც ამერიკაში გასულ წელს რასობრივი უთანასწორობის გამო, საპროტესტო გამოსვლების უზარმაზარი ტალღა ვიხილეთ.
მაშინ როცა პოლიციის რეფორმირებაზე მსჯელობა გრძელდება, ქალაქში იზრდება კრიმინალის დონე. ძირითადად დანაშაულის ზრდა პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უკავშირდება, რადგან ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ქალაქში ბევრი ადამიანი დარჩა სამსახურის და შესაბამისად, შემოსავლის გარეშე. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ნიუ-იორკში იზრდება მხარდაჭერა იმ კანდიდატების მიმართ, რომლებიც პოლიციის ეფექტურობის ზრდას უჭერენ მხარს და უკანა პლანზე აყენებენ პოლიციისთვის დაფინანსების შემცირების საკითხს.
აღსანიშნავია, რომ 2017-19 წლებში ნიუ-იორკში რეკორდულად იყო შემცირებული კრიმინალური შემთხვევების რაოდენობა. ამის შესახებ ქალაქის პოლიციის განყოფილებამ არაერთი ინფორმაცია გაავრცელა. კრიმინალის ზრდა ქალაქში მნიშვნელოვნად 2020 წლის გაზაფხულის შემდეგ დაიწყო.
ნიუ-იორკში მერობისთვის ამ დროისთვის 20-ზე მეტი კანდიდატი იბრძვის. ერთ-ერთი კი ერიკ ადამსია, რომელიც ბრუკლინის რაიონის პრეზიდენტია. ერიკ ადამსმა 2019 წელს ბრუკლინი თბილისს შეადარა და თქვა: „ბრუკლინი ამერიკის თბილისია, სადაც უამრავი ქართველი ცხოვრობს,“- თქვა ადამსმა 2019 წელს ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის კვირეულის ფარგლებში სადაც ის მიწვეული სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.
ნიუ-იორკში დემოკრატებისა და რესპუბლიკელების პრაიმერი 22 ივნისს გაიმართება და საბოლოოდ კანდიდატების დასახელება მოხდება, ხოლო ქლაქის მერის არჩევნები 2021 წლის 2 ნოემბერს შედგება. ახლა ქალაქის მერი დემოკრატი ბილ დე ბლასიოა.
Facebook Forum