ქალაქი ნიუ-იორკი კოვიდ-19-ის პანდემიის ხელახალი ზრდის შესაჩერებლად, ქალაქის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს აწესებს. ამის შესახებ განცხადება დღეს ქალაქის მერმა, ბილ დე ბლასიომ გააკეთა.
საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს მოუწევთ იმაზე ზედამხედველობა, რომ ქალაქში 35 შტატიდან შემოსულებს ჰქონდეთ ინფორმაცია 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის თაობაზე. პანდემიის ყოფილ ეპიცენტრში როგორც ჩანს, ინფიცირების ხელახალი ზრდის ეშინიათ.
"მოგზაურებს, რომლებიც ამ შტატებიდან ჩამოდიან, მისცემენ ინფორმაციას კარანტინის შესახებ და შეახსენებენ, რომ ეს მოთხოვნაა და არა არჩევანი" - განაცხადა ქალაქის მერმა საგანგებო საინფორმაციო ბრიფინგზე. ბილ დე ბლასიოს თქმით, კარანტინის დაუცველობისთვის ჯარიმა 10 000 დოლარამდე იქნება.
ქალაქ ნიუ-იორკის შერიფის ოფისი სხვა სამართალდამცავ უწყებებთან ერთად, დღესვე კოორდინირებულად იწყებს საკონტროლო-გამშვები პუნქტების გახსნას. ისინი მეგაპოლისში შემავალ მთავარ ხიდებზე, გვირაბებზე და ტრასებზე დამონტაჟდება. ქალაქში შემოსულ ადამიანებს შეჩერება და სპეციალური სამოგზაურო საბუთების შევსება მოუწევთ.
"ეს სერიოზული საკითხია და დადგა დრო, ყველამ გააცნობიეროს, რომ თუ ამ დონეზე გვინდა ქალაქში ჯანმრთელობის და უსაფრთხოების შენარჩუნება და უკეთესობაც გვწადია, უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ კარანტინი ყველას უნდა შეეხოს, ვინც იმოგზაურა" - აცხადებს ბილ დე ბლასიო. ქალაქის მერი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხსნის იმ გარემოებით, რომ კონტაქტების მონიტორნიგნის პროგრამის მიხედვით, ინფიცირების ახალი შემთხვევების მეხუთედი გარედანაა შემოტანილი.
ქალაქის მერია კარანტინში მყოფებს საკვების უფასოდ მიტანის უზრუნველყოფას და მედიკამენტებზე დახმარებას სთვაზობს. სავალდებულო კარანტინში მყოფ მგზავრებს, შესაძლოა დახმარება სასტუმროში დარჩენაზეც გაეწიოთ.
ქალაქს, რომელსაც ადრე კოვიდ-19-ის გამო დღეში 800-ზე მეტი გარდაცვლილი ჰყავდა, ბოლო სამი დღეა ახალი კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი საერთოდ არ დაუფიქსირებია. ინფიცირება ნიუ-იორკში ბოლო 8 კვირაა 3%-ზე დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
მართალია, მთელი ამერიკის მასშტაბით ინფიცირება ახლა 5%-ით უფრო დაბალია, ვიდრე ცოტა ხნის წინ, მაგრამ ოკლაჰომის, მონტანის, მისურის და კიდევ 17 შტატში, ახალი კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ისევ გრძელდება. ქვეყანაში ერთ კვირაზე მეტია, პანდემიის გამო, თითქმის ყოველდღიურად, საშუალოდ 1 000-მდე ადამიანი კვდება. გარდაცვლილთა რაოდენობა შეერთებულ შტატებში დღეისთვის 157 000-ს აჭარბებს.
Facebook Forum