ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირქსი: ვირუსი გასაოცრად ვრცელდება


თეთრი სახლის მრჩევლები კორონავირუსის პანდემიის საკითხებში ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელება ახალ ფაზაში გადავიდა და გასაოცრად სწრაფად ვრცელდება, როგორც სასოფლო-სამეურნეო ტიპის დასახლებებში, ისე დიდ ქალაქებში.

"ყველა, ვინც ცხოვრობთ სოფლის ტიპის დასახლებებში: თქვენ არ ხართ დაცული ვირუსისგან", - ამბობს დებორა ბირქსი, კორონავირუსთან ბრძოლის თეთრი სახლის სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელი და კოორდინატორი.

"სი-ენ-ენის" ეთერში კვირას მან აღნიშნა, რომ აგვისტოს თვე უკვე განსხვავდება მარტის თუ აპრილის თვეებისგან, როდესაც ინფიცირების მაღალი მაჩვენებლები მხოლოდ დიდ ქალაქებში ფიქსირდებოდა. ბირქსმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნიღბის ტარების აუცილებლობას დახურულ სივრცეებში, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ამ სივრცეში ხანდაზმული ადამიანები ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მქონე პირები იმყოფებიან.


ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ადმირალი ბრეტ გირიორიც ამბობს, რომ ნიღბის ტარება და ხალხმრავალი ადგილების თავიდან აცილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"სწორედ ამიტომ მივდივართ ყველა შტატში, ყველა ადგილობრივ რადიოში ვაცხადებთ და ყველა გუბერნატორს კონკრეტულ ინსტრუქციებს ვაძლევთ. ესაა ის, რითიც უნდა დაიწყოთ, როდესაც ამ ოლქებში "ყვითელი" მაჩვენებლები გვაქვს, სწორედ ამ დროსვე უნდა შევამციროთ ეს რიცხვები", - ამბობს ის.

კვირასვე წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ დებორა ბირქსი პრეზიდენტ ტრამპთან ერთად კოვიდ 19-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. "ვფიქრობ, პრეზიდენტი ვირუსის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს, ის [ბირქსი] კი მისი დანიშნულია. არ ვენდობი", - განაცხადა პელოსიმ.

დონალდ ტრამპი კი კვლავ ამბობს, რომ შეერთებულ შტატებში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ტესტირების რაოდენობასთანაა დაკავშირებული. მან კვირას "ტვიტერზე" დაწერა, რომ ექიმი ენტონი ფაუჩი ცდებოდა, როდესაც გასულ კვირას ამბობდა, რომ ევროპის შედარებითი წარმატება პანდემიასთან ბრძოლაში, მეტი ბიზნესის დახურვით იყო განპირობებული.

პანდემიასთან დაკვშირებით მნიშვნელოვანი ფაქტები ფიქსირდება ამერიკის საზღვრებს გარეთაც. ვირუსის "მნიშვნელოვანი ინციდენტის" შესახებ საუბრობენ მანჩესტერშიც, ინგლისში, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ამშვიდებს და ამბობს, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ქალაქში ზოგიერთი ღონისძიება გამკაცრდა, მაგალითად პაბებსა და რესტორნებში სხვადასხვა ოჯახის წევრებს ერთად დასხდომა არ შეუძლიათ.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სპეციალისტები ტესტების ახალ ნაკადზეც საუბრობენ, რომლებიც ვირუსის აღმოჩენას 90 წუთში შეძლებს. ეს ტესტები კლინიკებს, ზრუნვის დაწესებულებებსა და ლაბორატორიებს გადაეცემა.

ამავე დროს კოვიდ 19 დაუდასტურდა კოსოვოს პრემიერ-მინსიტრსაც, რომელიც 2 კვირას თვითიზოლაციაში გაატარებს. პრემიერი ამბობს, რომ მსუბუქი ხველის გარდა, სხვა სიმპტომები არ აქვს. კოსოვოში 90 000 შემთხვევაა დადასტურებული, 249 ადამიანი კი გარდაიცვალა.

რაც შეეხება ავსტრალიას, კვირას ვიქტორიის შტატში "კატასტროფის მდგომარეობა" გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც ერთ ღამეში 700-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ვიქტორია მცხოვრებთა რაოდენობით ავსტრალიის მეორე ყველაზე დასახლებული შტატია. იქ ახლა საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვა ამოქმედდა. თითოეული ოჯახიდან მხოლოდ ერთ წევრს აქვს სურსათის მაღაზიაში გასვლის უფლება, ისიც მხოლოდ სახლიდან 5 კმ-ის რადიუსით.

უსაფრთხოების ზომები მკაცრდება ფილიპინებშიც, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG