ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკი სრულად იხსნება


NYC
NYC

ქალაქის რვა მილიონიანი მოსახლეობის დიდი პროცენტის ვაქცინაციის შემდეგ, ნიუ-იორკის მერი აცხადებს, რომ 1 ივლისს ქალაქის სრულად გახსნა იგეგმება. ერთ წელზე მეტია, პანდემიის გამო მიღებული ზომების ფონზე, სხვადასხვა დაწესებულებები შეზღუდვებით მუშაობს, ან სრულადაა დაკეტილი.

„ჩვენ მზად ვართ მაღაზიების, ბიზნესების, ოფისების, თეატრების სრულად გასახსნელად“ - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.

ბილ დე ბლაზიო აცხადებს, რომ ამ ოპტიმისტური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი იძლევა. მისივე თქმით, ქალაქის 8,3 მილიონ მოსახლეზე, 6,3 მილიონი ვაქცინის დოზა უკვე გაკეთებულია.

„რასაც ვხედავთ ისაა, რომ ადამიანების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ კოვიდ-19-ის ვაქცინა გაიკეთა. ვიცით, რომ ვაქცინაციის ეს ძალისხმევა სულ უფრო და უფრო იზრდება. ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ“, - ამბობს დე ბლაზიო.

ამ დროისთვის, მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებებზე დასასწრებად, ნიუ-იორკში კოვიდ-19-ის ვაქცინის ან ტესტის წარდგენაა საჭირო. მაყურებელთა რაოდენობა კი 20%-მდეა ლიმიტირებული.

აპრილში, ეტაპობრივად დაიწყო ბროდვის თეატრების გახსნა, ასევე ლიმიტირებული რაოდენობის მაყურებლების და სხვა შეზღუდვებით.

ბილ დე ბლაზიოს განცხადებას წინ უსწრებდა ნიუ-იორკის გუბერნატორის გადაწყვეტილებები.

ენდრიუ კუომომ, ქალაქის ღამის ცხოვრებას გზა კვლავ გაუხსნა - 17 მაისიდან, ღამი საათებზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდება რესტორნების გარე სივრცეებზე, 31 მაისიდან კი რესტორნებსა და ბარებს, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვა, რომელიც მხოლოდ შუაღამემდე მუშაობის საშუალებას იძლეოდა, სრულად მოეხსნებათ.

XS
SM
MD
LG