ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის ჭარბი ეკონომიკური შესაძლებლობები ამერიკისთვის გამოწვევად რჩება


ბაიდენის ადმინისტრაცია ყველა გზას განიხილავს, რათა უპასუხოს ჩინეთის მზარდ, ჭარბ ინდუსტრიულ შესაძლებლობებს. ეს ამერიკის და მისი მოკავშირეების ერთ-ერთი მთავარი საფიქრალია, ამბობს შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი, ჯანეტ იელენი.

ისაუბრა რა ჩინეთის მხრიდან ბაზრის სრულად მონოპოლიზაციის ტენდენციაზე, იელენმა აღნიშნა, რომ ეს მიუღებელია დანარჩენი მსოფლიოსთვის. ხაზინის მდივანი ვაშინგტონში "როიტერის" ჟურნალისტს ესაუბრა.

ინტერვიუში იელენმა აღნიშნა, რომ ამ თვის დასაწყისში ჩინეთში მოგზაურობისას, მან „წარმატებით“ გამოთქვა ამერიკის შეშფოთება ჩინელ ოფიციალურ პირებთან. ხაზინის მდივნის თქმით, მათ "ინტენსიურად განიხილეს" ის საკითხები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ანალოგიური საქონლის მწარმოებლებს ამერიკაში, ევროპაში, იაპონიასა თუ განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე, როგორიცაა ინდოეთი და მექსიკა.

ილენმა დასძინა, რომ პრობლემა არ მოგვარდება "ერთ დღეში ან ერთ კვირაში". ამიტომ, "მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა აღიაროს პრობლემა და დაიწყოს მოქმედება მის მოსაგვარებლად”, - თქვა იელენმა. ”მაგრამ, ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი ინდუსტრია ამასობაში განადგურდეს, ამიტომ მე არ მსურს არაფრის გამორიცხვა”.

ბაიდენის ადმინისტრაცია ასრულებს 2018 წელს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ჩინურ იმპორტზე დაწესებულ „სექცია 301“-ის, უსამართლო სავაჭრო ტარიფების მიმოხილვას. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო მაღალი ტარიფები ზოგიერთ პროდუქტზე.

XS
SM
MD
LG