ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი ამერიკას დაკავებულ მოქალაქეს გადასცემს


ჩრდილოეთ კორეა ამერიკის მოქალაქის დეპორტაციას გეგმავს. ფხენიანი აცხადებს, რომ ოქტომბერში ამერიკის მოქალაქე იმ მომენტში დააკავეს, როცა ის ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას ჩინეთიდან ცდილობდა.

ფხენიანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ პარასკევს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის მოქალაქემ დაკითხვისას აღიარა, რომ "ქვეყანაში არალეგალურად შესვლის ბრძანება ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოსგან" მიიღო. კონკრეტული თარიღი, თუ როდის მოხდება მისი დეპორტაცია, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კორეა დაკავებულ ამერიკელებთან მიმართებით უფრო მკაცრ პოლიტიკას იყენებდა. მათ გათავისუფლებას ფხენიანი უმეტესად მხოლოდ მას შემდეგ თანხმდებოდა, რაც მოლაპარაკებაში ამერიკელი დიპლომატები, თუ მთავრობის მაღალჩინოსნები ერთვებოდნენ და ქვეყანაში ჩადიოდნენ კიდეც.

გათავისუფლებული ამერიკელების უმეტესობა ძირითადად კარგ მდგომარეობაში იყო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათ ცუდად არ ექცეოდნენ. თუმცა, იყო განსხვავებული შემთხვევაც. მაგალითად, ოტო უარმბიერი, ამერიკელი სტუდენტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში 17 თვის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში, გასულ წელს ჯანმრთელობის უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი გადასცეს ამერიკულ მხარეს. სტუდენტი რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. ჩრდილოეთ კორეა დღემდე უარყოფს მისი წამების შესახებ არსებულ ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG