ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ემიგრანტების ცხოვრება ნიუ იორკში


ნიუ იორკი დაარსებიდანვე ემიგრანტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია უკეთესი ცხოვრების დასაწყებად. ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, თავად ემიგრანტებს უდიდესი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ ნიუ იორკი სწორედ ისეთი მიმზიდველი იყოს, როგორიც არის.

ნიუ იორკში მაცხოვრებელი იმიგრანტები, ქალაქის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის 40 პროცენზე მეტს შეადგენენ. ნიუ იორკში მაცხოვრებელი იმიგრანტების რაოდენობა სამ მილიონს აღემატება. ისინი ცალკე ქალაქში რომ ცხოვრობდნენ, ამერიკაში ზომით მესამე ქალაქი ექნებოდათ, ამბობს საემიგრაციო საქმეების კომისარი ნიშა აგარვალი:

„ჩვენ იმიგრანტებით მდიდარი ქალაქი ვართ. ისინი ეკონომიკის წამყვანი ძალა არიან ყველა პროფესიაში. ამ ტენდენციას ხელი უნდა შევუწყოთ, რადგან ის არა მხოლოდ ემიგრანტების ოჯახებს, არამედ თავად ქალაქსაც დიდ დახმარებას უწევს.“

ამერიკის კონტინენტების საზოგადოების მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის თანადმად, საზოგადოებაში არასწორი შეხედულებაა ჩამოყალიბებული იმასთან დაკავშირებით, რომ იმიგრანტების სიმრავლე სიღარიბეს და დანაშაულს უკავშირდება.

კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა საემიგრაციო სტატისტიკა და პოლიციის ანგარიშები 1990-2010 წლებში. ნიუ იორკის ეკონომიკა ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა - განსაკუთრებით ღარიბ უბნებში. კვლევის ერთ-ერთი ავტორი ამბობს, ჯეიკობ ვიგდორი ამბობს:

„ემიგრანტები ღარიბ უბნებში მიდიან საცხოვრებლად, იმის გამო, რომ ბინაში ძვირის გადახდის საშუალება არ აქვთ. ამით მათ ღარიბ უბნებში სტაბილურობა შეაქვთ, ხელს უწყობენ ვაჭრობის მომატებას, ამცირებენ ვაკანტური ადგილების რაოდენობას. ეს ყველაფერი კი დანაშაულის დონის შემცირებას უწყობს ხელს.“

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ტომსონი ამბობს, რომ იმიგრანტები, რომლებიც ამერიკაში ჩამოდიან, უფრო ნაკლებად ჩადიან დანაშაულს და უფრო მეტად სურთ მუშაობა ვიდრე მოსახლეობის სხვა კატეგორიას:
„რატომ უნდათ ადამიანებს ამ ქვეყანაში ჩამოსვლა? იმიტომ რომ იმუშაონ, უკეთესი ცხოვრება შეიქმნან, შექმნან ოჯახები და აღზარდონ შვილები, უნდათ საკუთარი თემის შექმნა.“

ემიგრანტი მწარმოებლები ასევე აქტიურად მონაწილეობენ ქალაქის ეკონომიკის ზრდაში. გარდა ამისა, ისინი ხშირად ისეთ საქმიანობას ეწევიან, რომლის გაკეთებაც ამერიკელებს არ სურთ, ამბობს კეიტ ბრიკი:

„მაგალითად, სოფლის მეურნეობის, საწარმოო და მომსახურების სექტორში... ამერიკაში იმიგრანტები უამრავი ქვეყნიდან და უკიდურესად მრავალფეროვანი გამოცდილებით ჩამოდიან. დაბალანაზღაურებად სამსახურებთან ერთად იმიგრანტების დიდი ნაწილი მაღალ-ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში, სამედიცინო, სამეცნიერო და საინჟინრო სფეროებში არინ დაკავებული.“

უსაბუთო იმიგრანტებსაც კი, რომლებიც ძიძებად, ან ქუჩის ჯიხურებში გამყიდვლებად მუშაობენ ეკონომიკში საკუთარი წვლილი შეაქვთ.

„ისინი ნივთებს ყიდულობენ. როცა რაღაცას ყიდულობ იხდი გადასახადს ნავაჭრზე, როცა ბინას, უძრავ ქონებას ყიდულობ ან ქირაობ, იხდი გადასახადს კერძო საკუთრებაზე. ეს ორი გადასახადი ადგილობრივი მთავრობებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.“

ჩატარებული კვლევის მიზანია ამერიკის სხვა ქალაქებსაც დაეხმაროს იმიგრანტებს ისევე შეეგებონ, როგორც ნიუ იორკი, რადგანაც კვლევა ცხადაც ადასტურებს იმას, რომ იმიგრანტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში.
XS
SM
MD
LG