საემიგრაციო რეფორმის ბედი რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად წარმომადგენელთა პალატაში უნდა გადაწყდეს, რომელიც ხუთ-კვირიანი დასვენების შემდეგ მუშაობას მომავალ თვეს შეუდგება. ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლი ბოუმენი თავის სტატიაში იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ რამდენად ძლიერია ზეწოლა კანონმდებლებზე იმისათვის, რომ უსაბუთო ემიგრანტების ამერიკის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული საკითხი მათ სასარგებლოდ იქნას გადაწყვეტილი. სწორედ ეს მომენტი წარმოადგენს ყველაზე სადავო თემას საიმიგრაციო რეფორმაში.
კონგრესის საზაფხულო არდადეგების პერიოდში ასობით აქტივისტი კალიფორნიის ერთ-ერთ იმ რაიონში შეიკრიბა, რომლის წარმომადგენელიც კონგრესში რესპუბლიკური პარტიიდან კევინ მაკარტია. ისინი ამ გზით ცდილობდნენ რომ კონგრესმენისთვის საემიგრაციო რეფორმის შესახებ აზრი შეეცვალათ.
მათი მოთხოვნაა, რომ წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭიროს ყოვლისმომცველ საემიგრაციო რეფორმის პაკეტს, რომელიც 11 მილიონამდე არალეგალ ემიგრანტს საშუალებას მისცემს, რომ ამერიკის მოქალაქე გახდეს. ამის შესახებ აქციის ორგანიზატორი დებორა ჰერტა საუბრობს.
დებორა ჰერტა: ყველა ემიგრანტი ვინც ამერიკაში ჩამოვიდა მოქალაქეობა მიიღო. ამაში მათ თავიანთი ბაბუები დაეხმარნენ, რომელთაც ეს ქვეყანა შექმნეს, და ამ ქვეყნაში თავიდანვე ჩამოვიდნენ.
აქციის იმ მონაწილეებს შორის, რომლებიც კონგრესმენის რაიონულ ოფისში შევიდნენ, მაკარტი არ იმყოფებოდა.
ისინი კონგრესმენის ოფისის თანამშრომლებს უყვიროდნენ.
კონგრესმენის ვებ-გვერდზე მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხზე შემდეგი განმარტებაა: „ჩვენ არ უნდა უზრუნველვყოთ ამნისტიით ის ადამიანები, რომლებმაც ამერიკის კანონებს პატივი არ სცეს და ქვეყანაში არალეგალური გზით შემოვიდნენ“.
მაკარტის პოზიცია წარმომადგენელთა პალატის ბევრი რესპუბლიკელი კონგრესმენის შეხედულებას გამოხატავს, რომლებიც თავიანთ საარჩევნო ოლქებში საემიგრაციო რეფორმის მხარდამჭერი დემონსტრანტების მხრიდან პროტესტს არ შეუწუხებია. აქტივისტებს სჭირდებათ, რომ თავიანთ ტაქტიკას გადახედონ, აცხადებს რესპუბლიკელების სტრატეგიული ექსპერტი ჯონ ფირი.
ჯონ ფირი: ერთი რამ კონტრ-პროდუქტული რაც შეიძლება აქტივისტებმა გააკეთონ, ის არის რომ მივიდნენ რესპუბლიკელების ოფისში და იქ გააპროტესტონ . ასევე ეფექტური იქნებოდა, რომ მივიდნენ და რეგისტრაცია გაიარონ რესპუბლიკელების წინასაარჩევნო შეკრებაზე და პირობა დადონ, რომ თუკი რესპუბლიკელები საემიგრაციო რეფორმას მხარს არ დაუჭერენ, მაშინ არჩვენებში ისინი მათ ხმებს ვერ მიიღებენ.
იურისტი ფრანკ შერი: ეს ზღაპარია, ასეთი რჩევა არასერიოზულია.
ფრანკ შერი ვაშინგტონში რეფორმის ლობისტთა ჯგუფის კოორდინატორია.
ფრანკ შერი: პოლიტიკა მოითხოვს ზეწოლას. საკითხის მომზადებას, ორგანიზებას, მობილიზაციას. საკითხი ეხება იმას, რომ შენს სიტყვას ყურადღება მიაქციონ.
შერი ამატებს იმასაც, რომ კანონმდებლები ზეწოლას არა მხოლოდ აქტივისტებისგან, არამედ ფართო კოალიციის მხრიდანაც განიცდიან.
ფრანკ შერი: ამის შესახებ მათთან მათ უბანში მცხოვრები ემიგრანტები საუბრობენ, ბიზნესმენები, ტექნიკური მეწარმეები, ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენლები, კათოლიკე მღვდლები და პროფკავშირების წევრები. ეს მართლაც არ არის ამერიკის პოლიტიკისთვის ჩვეულებრივი მდგომარეობა. ეს იმედის მომცემია.
თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი გამორიცხავს, რომ სენატის მიერ მიღებულ საემიგრაციო რეფორმას მხარი პალატამაც დაუჭიროს. ის უფრო ამ საკითხთან დაკავშირებულ სამართლებრივ კანონმდებლობის განხილვას ანიჭებს უპირატესობას.
ჯონ ბეინერი: ნათელია რომ საზღვრების გამკაცრება და საემიგრაციო კანონმდებლობის განხორციელება ამ პროცესში წარმატებული ნაბიჯი იქნება.
ჯონ ფირი: გამოკითხვებმა აჩვენა, რომ რესპუბლიკელების მხარდამჭერ ამომრჩევლებს არ სურთ ეგრეთ წოდებული ამნისტიის კანონის მიღება. ან რაიმე პაკეტის, რომელიც ამნისტიას გულისხმობს. ასე რომ ეს რესპუბლიკური პარტიის ლიდერებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილების მიღებას გაართულებს.
ამასობაში, დემოკრატები უარს აცხადებენ მხარი დაუჭირონ კანონ-პროექტის ნებისმიერ ვარიანტს, სადაც მოქალაქეობის მიღების საკითხი არ იქნება გათვალისწინებული. ამდენად საემიგრაციო რეფორმების მომხრეთა აქტიურობის მიუხედავად პოლიტიკური წინააღმდეგობა საკითხზე ისევ გაგრძელდება.