საქართველოში ბოლო 12 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები უკვე 9-მდე გაიზარდა. COVID-19 ვირუსი კიდევ ხუთ მოქალაქეს დაუდგინდა, რომლებმაც იტალიაში იმოგზაურეს და სამშობლოში კვირას, 1 მარტს დაბრუნდნენ.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, ეს ერთი კლასტერის - ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევებია. დღეს, დილით, გამოვლენილ მე-4 დაინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 25 პირის გამოკვლევის შემდეგ, ხუთ მათგანს COVID-19 ლაბორატორიულად დაუდგინდა.
გთხოვთ, ყველამ გავითავისოთ ეს დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ვინც ბრუნდებით იტალიიდან და ჩამოთვლილი ქვეყნებიდან გავიჭირვოთ და 14 დღე ვიყოთ თვითიზოლირებული“ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი
"ოჯახური შემთხვევებია. ყველა ერთად იყვნენ იტალიაში და დაბრუნდნენ საქართველოში. დავადგინეთ, ვისთანაც ჰქონდათ კონტაქტი, აქედან 5-ს დაუდასტურდა ვირუსი. ამჟამად კიდევ ვარკვევთ შესაძლო კონტაქტებს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ მივდივართ მაღალი რისკის ქვეყნებში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანში, იტალიასა და იაპონიაში, აუცილებელია ჩამოსვლის შემდეგ მოვახდინოთ თვითიზოლაცია. სიმპტომები გექნებათ თუ არ გექნებათ, არ აქვს მნიშვნელობა.
გთხოვთ, ყველამ გავითავისოთ ეს დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ვინც ბრუნდებით იტალიიდან და ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, გავიჭირვოთ და 14 დღე ვიყოთ თვითიზოლირებული“ - განაცხადა დღეს საღამოს პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, მოქალაქე აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. 28 თებერვალს მეორე შემთხვევა პირველი დაინფიცირებულის თანმხლებ პირს დაუდგინდა.
COVID-19-ით მესამე დაინფიცირებული იტალიიდან ჩამოსული ქალბატონია, რომელსაც ვირუსი 29 თებერვალს დაუდასტურდა. დღეს დილით, ვირუსი დაუდგინდა იტალიიდან ჩამოსულ მამაკაცს, საღამოს კი მის თანმხლებ დამატებით 5 პირს. კიდევ ერთი დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქე იტალიაში მკურნალობს.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო საიტის -stopcov.ge მონაცემებით, ამ დროისთვის, საქართველოში კარანტინის რეჟიმში 162 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 45 მოქალაქე.
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევეციის მიზნით, აკრძალა საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა ჩინეთთან და ირანთან, თუმცა ჯერჯერობით, არ შეუწყვეტია იტალიასთან საჰაერო კავშირი.
Facebook Forum