რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ ის მოსკოვში პოლიციამ დააკავა, როდესაც სახლი დატოვა და სარბენად წავიდა.
მოკლე ვიდეოში, რომელიც მოსკოვის პოლიციის განყოფილებაშია გადაღებული და სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" 24 ივლისს გამოაქვეყნა, ნავალნი ამბობს, რომ მან პოლიციის სპეცდანიშნულების მიკროავტობუსი სახლთან ახლოს შენიშნა და ამის შემდეგ, მალევე დააკავეს. მას არ დაუკონკრეტებია, უთხრა თუ არა პოლიციამ რა მიზეზით აკავებდნენ, თავად კი, როგორც ამბობს, სახლიდან სავარჯიშოდ და ცოლისთვის ყვავილების საყიდლად გამოვიდა.
"მართალია, რომ ამბობენ, სპორტი ზოგჯერ შენთვის სასარგებლო არ არისო. დღეს სახლიდან სარბენად და ჩემი ცოლისთვის ყვავილების საყიდლად გამოვედი, რადგან დღეს მისი დაბადების დღეა", - თქვა ნავალნიმ. "ახლა, როგორც სულელი, ვდგავარ პოლიციის განყოფილებაში ჩემი სავარჯიშო შორტებით. იულია, მაპატიე, რომ ასე გამოვიდა".
რუსი ოპოზიციონერი არაერთხელ დააკავეს ბოლო წლების განმავლობაში და მას 200 დღეზე მეტი აქვს პატიმრობაში გატარებული. ბოლოს ის, 10-დღიანი პატიმრობის შემდეგ, რაც მოსკოვში არასანქცირებულ მიტინგზე ყოფნისთვის მიესაჯა, 11 ივლისს გაათავისუფლეს.
Facebook Forum