რუმინეთმა და ლატვიამ, რომლებიც ნატოს - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის - წევრები არიან, 8 სექტემბერს რუსეთი დაადანაშაულეს მათი ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევაში. ისინი რუსეთს სამხედრო თვითმფრინავების გამოყენებით, მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის ესკალაციაში დებენ ბრალს.
მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა და იქ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მისმა სამხედრო თვითმფრინავებმა ან რაკეტებმა უკრაინის მეზობელ ქვეყნებს არაერთხელ გადაუფრინა და ზოგჯერ მათ ტერიტორიაზე აფეთქდა კიდეც. რუმინეთმა რამდენჯერმე დაადასტურა და აჩვენა რუსეთის დრონის ფრაგმენტები თავის ტერიტორიაზე, რაც ამ წლის ივლისშიც მოხდა.
ამ ბოლო ინციდენტზე კი კვირას, 8 სექტემბერს, განცხადება რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. მან პროტესტი გამოთქვა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე "დამნაშავე რუსეთის საფრენი აპარატების" გამოჩენის გამო და მოუწოდა მოსკოვს, შეწყვიტოს ეს "უპასუხისმგებლო ესკალაცია".
რუმინეთმა მომხდარის გამო, ნატოსთან კონსულტაციებიც კი დაიწყო. ინციდენტი დაგმო ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ. მისი თქმით, ეს "უპასუხისმგებლო და პოტენციურად სახიფათო" ქმედებებია.
ერთი დღით ადრე, მსგავს ფაქტზე განცხადება ლატვიამ გააკეთა, რომელმაც საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო დრონი დააფიქსირა. ლატვიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ის ლატვიის საჰაერო სივრცეში ბელარუსის მხრიდან შეფრინდა და რეზეკნეს მუნიციპალიტეტში აფეთქდა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმაც გააკეთა. "ახლო კონტაქტში ვართ ჩვენს მოკავშირეებთან. მსგავსი ინციდენტების რიცხვი ნატოს აღმოსავლეთ ფრონტზე იზრდება და ჩვენ ეს [პრობლემა] ერთად უნდა გადავჭრათ", - დაწერა რინკევიჩმა სოციალურ ქსელ "ექსზე".
ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით, რუსეთს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
Facebook Forum