რუსეთის მთავრობამ 14 მარტს სანქციები დაუწესა შეერთებული შტატების 200-ზე მეტ მოქალაქეს. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ სანქცირებულთა სიაში "ამერიკის ხმის" ჟურნალისტიც შედის. ის ჟურნალისტთა იმ მცირე ჯგუფში მოხვდა, სადაც "ვაშინგტონ პოსტის" და "ნიუ-იორკ თაიმსის" თანამშრომლებიც სახელდებიან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები შეეხო ჯეფ სელდინს, რომელიც "ამერიკის ხმაში" ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს აშუქებს. ის არ არის "ამერიკის ხმის" პირველი ჟურნალისტი, რომელსაც მოსკოვმა სანქციები დაუწესა. გასულ წელს კრემლმა სანქციები იოლანდა ლოპესს დაუწესა, "ამერიკის ხმის" ყოფილ დირექტორს.
მოსკოვის სანქციების უახლეს რაუნდში სულ ამერიკის 227 მოქალაქე მოხვდა. რუსეთის მთავრობის განცხადებით, მათ "ანტირუსულ აქტივობაში" ედებათ ბრალი.
"რუსეთის ფედერაციაში შესვლა აეკრძალა 227 ამერიკელს, რომლებიც იყვნენ ჩართული შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის რუსოფობიული კურსის განვითარებაში, დანერგვაში და გამართლებაში" - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
"ნიუ-იორკ თაიმსიდან" კრემლის სანქციების სიაში დასახელებულია რეპორტიორი რობერტ უორთი, "ვაშინგტონ პოსტიდან" კი ჟურნალისტები: ჯოზეფ მარქსი, ჯოზეფ მენი, ელენ ნაკაშიმა და ტიმ სტარქსი. ასევე სანქცირებულია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი.
ახლადსანქცირებულთა შორის ამერიკის მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც არიან. კრემლის სანქციები ასევე შეეხო ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორებს, მათ შორის - ჰარვარდის, იელის და კოლუმბიის უნივერსიტეტებში.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული კრემლის ესკალაციის მცდელობებით, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება რუსეთში“, - განუცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა "ამერიკის ხმას".
„ყველაზე მკაცრად, ჩვენ ვგმობთ კრემლის მცდელობებს დააშინოს, ჩაახშოს და დასაჯოს დამოუკიდებელი ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების ხმა, მათ შორის - ცენზურის კანონის გამოყენებით რუსეთის დაუნდობელი ომის კრიტიკოსთა დასასჯელად“, - ნათქვამია განცხადებაში.
Facebook Forum