დღეს, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს. „ინფრომაცია, როგორც საჯარო სიკეთე“ - ეს არის თემა, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, 2021 წელს ამ დღის აღსანიშნად საზოგადოებას სთავაზობს.
1993 წელს, პრესის თავისუფლების დღედ 3 მაისი სწორედ „გაერომ“ გამოაცხადა. დეკლარაციას საფუძვლად დაედო 1991 წელს, იუნესკოს მიერ გამართულ სემინარზე, აფრიკელ ჟურნალისტთა მიერ შემუშავებული რეკომენდაცია და ხელმოწერილი დოკუმენტი.
პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს საქართველოში აშშ-ის ელჩი.
„ქართული და ამერიკული კონსტიტუციები უზრუნველყოფს პრესის თავისუფლებას, რომ ცენზურის შიშის გარეშე გავაშუქოთ ახალი ამბები და გამოვხატოთ ჩვენი შეხედულებები“ - აცხადებს კელი დეგნანი, რომელიც დიპლომატიური კარიერის დაწყებამდე, ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა.
„პრესის თავუსუფლება დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია, რომლის განვითარება მხოლოდ იმ შესმთხვევაშია შესაძლებელი, თუ მოქალაქეებს სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება აქვთ. პრესის თავისუფლება ნიშნავს უსაფრთხოებას ყველასთვის“ - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი.
წელს, ევროკავშირი გლობალურ „ინფოდემიაზე“ საუბრობს და აცხადებს, რომ ერთადერთი ვაქცინა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ჟურნალისტიკაა.
„მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის მუშაკები პანდემიას ებრძოდნენ, მთელს მსოფლიოში ჟურნალისტები ასევე საშიში გამოწვევის წინაშე აღმოჩნდენ: გლობალური ინფოდემია. ყალბი ახალი ამბები, სიძულვილის ენა, შეთქმულების თეორიები.. კოვიდ-19-ის დროებაში კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ სანდო ინფრომაციაზე წვდომა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია“ - ასე ეხმაურება ევროკავშირი მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს და პატივისცემას გამოხატავს ყველა ჟურალისტის მიმართ, ვინც „განაგრძობენ მუშაობას, ხშირად მკაცრ პირობებში, მზარდი ფინანსური და პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, ძალადობის ფაქტების მიუხედვად მაშინ, როცა თავისუფალი მედიის საქმიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.“
პრესის თავისუფლების დღე საგანგებო ღონისძიებით აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ. წარმომადგენლობამ ქართულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებს ჰკითხა, რას ნიშნავს მათთვის პრესის თავისუფლება, რატომაა ჟურნალისტიკა მნიშვნელოვანი, რა ზიანის მოტანა შეუძლია დეზინფორმაციას და როგორ უნდა გაუმკლავდნენ მას ადამიანები.
„მნიშვნელოვანია, რომ მკითხველი მხოლოდ პასიური მიმღები არ იყოს და კრიტიკული თვალით ეცნობოდეს ახალ ამბებს“ - აცხადებს ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ წარმომადგენელი ბასტი მგალობლიშვილი. „უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამ მხრივ ენიჭება მედიებს და არა ადამიანებს.“- ამბობს „მედიაჩეკერის" წარმომადგენელი, გიორგი გოგუა.
„დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ჩვენ ვიძირებით ინფორმაციის ნაკადში, ეს განსაკუთრებით Covid -19-თან დაკავშირებულ „ინფოდემიას“ ეხება. აღნიშნულ კონტექსტში, ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის "ვაქცინა" დეზინფორმაციის წინააღმდეგ; ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ამ მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას და იცავს თქვენს თავისუფლებას, რომელიც ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისთვისაა აუცილებელი.” - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი
Facebook Forum