ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი აშშ-ს უკრაინაში "მომწამლავი ქიმიური ნივთიერებებით" პროვოკაციის მომზადებაში ადანაშაულებს


სამშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში მომწამლავი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით პროვოკაციას გეგმავს.

სამინისტრომ რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩის, ჯონ სალივანის განცხადება ახსენა და განმარტა, რომ ის, რასაც სალივანი რუსეთზე ამბობს, საპირისპიროს ნიშნავს. კრემლის თქმით, სალივანი ამბობს, რომ „რუსული ჯარი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავს". ეს კი კრემლის მტკიცებით იმას ნიშნავს, რომ მსგავს პროვოკაციას ამერიკის შეერთებული შტატები ამზადებს.

„ჩვენ ამ ინფორმაციას მივიჩნევთ როგორც აშშ-ის და მათი თანამზრახველების ჩანაფიქრს, უკრაინაში მომწამლავი ქიმიური ნივთიერებებით პროვოკაცია მოაწყონ", - განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა. ბრიფინგზე მან თქვა, რომ „რუსეთი ნამდვილ დამნაშავეებს გამოააშკარავებს და დასჯის.“

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსეთი გაზაფხულზე კიდევ ერთი გაძლიერებული სამხედრო იერიშისთვის ემზადება.

XS
SM
MD
LG