ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვის ოპოზიციამ მოსკოვის ახალი საარჩევნო ბლოკი გამოაცხადა


 ილან შორი- პრორუსი ბიზნესმაგნატი
ილან შორი- პრორუსი ბიზნესმაგნატი

მოლდოვის ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც გმობენ პროევროპული პრეზიდენტის მაია სანდუს სწრაფვას ევროკავშირში წევრობის უზრუნველსაყოფად, კვირას განაცხადეს, რომ ისინი ქმნიან საარჩევნო ბლოკს. განცხადება ამის შესახებ მათ მოსკოვში გააკეთეს.

ჯგუფებმა თავიანთ ალიანსს “გამარჯვება” უწოდეს. ალიანსი აერთიანებს ჯგუფებს ქვეყნიდან გაქცეული პრორუსი ბიზნესმაგნატის ილან შორის გარშემო, რომელსაც მასობრივი თაღლითობისთვის, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა.

"ჩვენ ვთავაზობთ ახალ გზას მოლდოვას. ევროკავშირის იდეა არის უბრალო ფანტომი, რომელიც დამღუპველია ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნისთვის", - განუცხადა შორმა მოსკოვის სასტუმროში შეკრებილ წარმომადგენლებს.

"ჩვენი ამოცანაა ვაჩვენოთ ხალხს ალტერნატივა, რომელიც დროთა განმავლობაში მუშაობდა”, - თქვა მან.

შორის თქმით, ეს ნიშნავს კავშირების განახლებას რუსეთთან და რუსეთის ხელმძღვანელობით, რეგიონულ ორგანიზაციებთან.

მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი სპინუმ განაცხადა, რომ ჯგუფი შეგნებულად დადგა "კრემლის გვერდით".

“მთელმა ქვეყანამ ნახა ერის ეს მოღალატეები მოსკოვში“, - წერს სპინუ "ფეისბუქზე".

სანდუმ ოქტომბერში რეფერენდუმი დანიშნა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რომელიც უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად.

შორს, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, შარშან მეისაჯა პატიმრობა მოლდოვაში "საუკუნის ქურდობასთან დაკავშირებით", რომლის დროსაც, 2014 წელს, 1 მილიარდი დოლარი გაქრა საბანკო სისტემიდან. მოლდოვის ხელისუფლება დიდი ხანია ითხოვს მის ექსტრადიციას.

მისი სახელის მქონე პოლიტიკური პარტია აიკრძალა, თუმცა გამოკითხვების თანახმად, მასთან ასოცირებულ ახალ პარტიას საკმარისი მხარდაჭერა აქვს პარლამენტში შესასვლელად.

20 ოქტომბრის არჩევნებზე სანდუ დაუპირისპირდება ყოფილ პრეზიდენტს და სოციალისტური პარტიის ლიდერს იგორ დოდონს, რომელმაც გასულ კვირას მოუწოდა ამომრჩევლებს ბოიკოტი გამოუცხადონ ევროკავშირის რეფერენდუმს, იმ მოტივით, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს მას ხელახალი ვადის მოსაპოვებლად. გამოკითხვებით, სანდუს 35,1%-ი უჭერს მხარს, ხოლო დოდონს 15,8%.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG