ამერიკის "საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის" მოწვეულ მრჩეველთა საბჭო დღეს კვლავ იკრიბება. ჯანდაცვის სპეციალისტები კომპანია "მოდერნას" მიერ შემუშავებული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საგანგებო გამოყენების საკითხს უყრიან კენჭს.
ექსპერტთა საბჭო სავარაუდოდ, ხუთშაბათს ნაშუადღევს, ვაშინგტონის დროით 3 საათზე შეიკრიბება. სპეციალისტებმა უნდა უპასუხონ შეკითხვას: გადაწონის თუ არა ვაქცინის უპირატესობა და მისი სარგებელი იმ რისკებს, რომლებიც მის დამტკიცებას შესაძლოა ჰქონდეს. შესაბამისად, მოწვეულ სპეციალისტთა ეს საბჭო მხარს დაუჭერს ან არ დაუჭერს მის დამტკიცებასს. უშუალოდ საგანგებო გამოყენების ავტორიზაციის საკითხზე გადაწყვეტილებას აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, პარასკევს გამოაცხადებს. მოსალოდნელია, რომ კოვიდ-19-ის რიგით მეორე ვაქცინა მომავალ კვირამდე დამტკიცდება.
ამ საბჭოს წევრები იგივე ექსპერტები არიან, რომლებმაც გასულ კვირას კომპანიების "ფაიზერისა" და "ბიონტეკის" პირველი ერთობლივი ვაქცინის საგანგებო გამოყენებას დაუჭირეს მხარი. მომდევნო დღეს კი სახელმწიფო უწყებამ შესაბამისი ავტორიზაცია გასცა და ორშაბათიდან ამერიკაში ვაქცინაცია დაიწყო.
"მოდერნას" ვაქცინა პრაქტიკულად იგივე ტექნოლოგიას იყენებს, რასაც "ფაიზერ-ბიონტეკის" ვაქცინა, თუმცა მას არ სჭირდება შენახვის უკიდურესად დაბალი ტემპერატურა. შესაბამისად, მისი ტრანსპორტირება და შორეულ თუ სოფლის ტიპის დასახლებებში მისი შენახვა უფრო ადვილია. ორივე ვაქცინის ეფექტურობა დაახლოებით 95 %-ის ფარგლებშია.
სპეციალისტთა საბჭო იმ გვერდით მოვლენებსაც შეისწავლის, რომელიც ამ ვაქცინის მიმღებთ აღმოაჩნდათ. ამ ადამიანთა რაოდენობა მცირედით უფრო მეტია, ვიდრე "ფაიზერის" ვაქცინის მიმღებთა შორის. თუმცა, ვაქცინის გევრდითი ეფექტები მხოლოდ მცირე რეაქციით გამოიხატა და სერიოზული ან კრიტიკული მდგომარეობა არავის შექმნია. საკვებისა დ ამედიკამენტების ადმინისტრაციას დოკუმენტებისა და კვლევის მონაცემების შესწავლის შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები, ან შეშფოთების მიზეზი არ გასჩენია.
"მოდერნას" ვაქცინა მოქალაქეებმა 4-კვირიანი ინტერვალით, ორი ინექციის სახით უნდა მიიღონ. ადმინისტრაციის მოწვეულმა ექსპერტებმა კი უნდა გადაწყვიტონ, მისცენ თუ არა კომპანიას უფლება, რომ ვაქცინა 18 წელზე მცირეწლოვანებისთვის იყოს გამოყენებული. გასულ კვირას რისკებსა და უპირატესობებზე მსჯელობისას, საბჭომ გადაწტვიტა, რომ "ფაიზერ-ბიონტექის" ვაქცინისთვის მხოლოდ 16 წელზე უფროსებისთვის გამოსაყენებლად დაეჭირა მხარი. თუმცა "მოდერნას" ვაქცინის არასრულწლოვანთათვის გამოყენების ნებართვის მიღებაც სურს.
ამერიკას კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 200 მილიონი დოზის მიღება უკვე გარანტირებული აქვს. უახლოეს ერთ თვეში კი სულ მცირე - 20 მილიონი დოზის.
Facebook Forum