94 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი მწერალი მილან კუნდერა. ის ჩეხეთში დაიბადა, მაგრამ ცხოვრების დიდი ნაწილი, თითქმის 50 წელი პარიზში გაატარა. მისი ყველაზე გახმაურებული რომანი "ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე" მსოფლიოს ბევრ ენაზე ითარგმნა და დღემდე პოპულარულ ნაწარმოებად რჩება.
განცხადება მისი გარდაცვალების შესახებ მორავიის ბიბლიოთეკამ გააკეთა, რომელიც ჩეხეთის ქალაქ ბრნოში მდებარეობს და რომელშიც კუნდერას ნაშრომები და პირადი კოლექცია ინახება. განცხადებაში ნათქვამია, რომ მილან კუნდერა პარიზში საკუთარ ბინაში, 11 ივლისს, ხანგძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
მილან კუნდერა 1929 წელს ბრნოში დაიბადა. მან სამშობლო პოლიტიკური დევნის საფუძველზე 1975 წელს დატოვა, მრავალ სხვა ჩეხ ხელოვანთან ერთად, ის 1968 წელს პრაღაში მომხდარ ხავერდოვან რევოლუციაში მონაწილეობდა, რომელიც მოსკოვმა მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური რეჟიმის უშიშროების ძალებთან ერთად ჩაახშო.
კუნდერამ ერთხელ ინტერვიუში თქვა, რომ თავს უფრო ფრანგად თვლიდა, ვიდრე - ემიგრანტად. მისი ბოლო ნამუშევრებიც ფრანგულ ენაზეა დაწერილი. მწერალი საჯარო ცხოვრებას თავს არიდებდა და ჟურნალისტებს ინტერვიუებს ძალიან იშვიათად აძლევდა, რადგან სჯეროდა, რომ მწერლებზე ყველაზე უკეთ მათი წიგნები მეტყველებს.
"უდავოდ ყველაზე ევროპელი უმეტეს მწერლებს შორის, ის დახვეწილად წარმოაჩენდა ჩვენი სამყაროს კონტრასტებს", - თქვა კუნდერას შესახებ პარიზის მერმა ანე იდალგომ. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ მას "მსოფლიო კლასის მწერალი" უწოდა და თქვა, რომ კუნდერას ნამუშევრები "ყველა კონტინენტზე მკითხველთა მრავალ თაობას მისწვდა".
Facebook Forum