ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალმა საარქივო მასალებმა ჰემინგუეი ბევრისთვის თავიდან გააცოცხლა


ერნესტ ჰემინგუეი ჰავანაში, კუბა. 1950 წლის 21 აგვისტო
ერნესტ ჰემინგუეი ჰავანაში, კუბა. 1950 წლის 21 აგვისტო

დოკუმენტურმა ფილმმა, რომელიც ერნესტ ჰემინგუეიზე გამოვიდა, ცნობილი ამერიკელი მწერლის შესახებ ბევრი ახალი, მნიშვნელოვანი საარქივო მასალა გამოამზეურა. მასალები ამ საინტერესო ადამიანზე და რომანისტზე ბოსტონში, ჯონ ფიცჯერალდ კენედის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის არქივში ინახებოდა.

ფილმს ასევე ჰქვია: "ჰემინგუეი". ტრილოგიის პრემიერა ტელეარხ "ფი-ბი-ესსზე" 5 აპრილს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდა. ის გაცილებით ღრმად და დეტალურად აღწერს მწერლის თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას და მისი პიროვნული თვისებების დამკვიდრებულ შტრიხებს მეტ ფერებს სძენს.

ფილმის ავტორების აზრით, ჰემინგუეის რეპუტაცია ძალზე ლიმიტირებულია და რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლება მხოლოდ როგორც ალკოჰოლის მოყვარულის, მოგზაურის, ხართა ორთაბრძოლებით მოხიბლული, ქალთმოძულე მამაკაცის სტერეოტიპებით. როგორც ცნობილია, მწერალმა 61 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ერნესტ ჰემინგუეი ქი-ვესთზე. ფლორიდის შტატი, აშშ, 1934 წ.
ერნესტ ჰემინგუეი ქი-ვესთზე. ფლორიდის შტატი, აშშ, 1934 წ.

დოკუმენტური ფილმის ავტორები კენ ბარნსი და ლინ ნოვიკი არიან. სიმართლე ადამიანზე, რომელსაც ბევრი 20-ე საუკუნის უდიდეს ამერიკელ მწერლად მიიჩნევს და პოპულარულ ვარსკვლავად თვლის, რომელიც ამერიკული მამაკაცურობის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა, გაცილებით რთული და მრავალწახნაგოვანია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს - ამბობს ლინ ნოვიკი.

"იმედი გვაქვს, ეს ფილმი შესაძლებელს გახდის ჰემინგუეის სხვა თვალით, სხვადასხვა მხრიდან შევხედოთ", ამბობს ის. კენ ბარნსთან ერთად ლინ ნოვიკი ბევრი ისტორიული ფილმის ავტორია. მათ შორის, ყველაზე პოპულარულია "ვიეტნამის ომი" და "მშრალი კანონი".

ფილმის გამოსვლაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჯონ ფიცჯერალდ კენედის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას, რომელმაც დოკუმენტალისტებს მწერლის ბიოგრაფიის ამსახველი მსოფლიოს უდიდესი მასალა მიანდეს. ბიბლიოთეკას ის თავის დროზე, ჰემინგუეის ქვრივმა, მისმა მეოთხე ცოლმა, მერიმ გადასცა. საარქივო მასალების მოვლასა და საიმედოდ დაბინავებაზე კი პრეზიდენტ კენედის ქვრივმა, ჟაკლინმა იზრუნა.

მართალია კენედი და ჰემინგუეი, თავისი დროის ორი უდიდესი ადამიანი ერთმანეთს არასდროს შეხვედრია, მაგრამ ცნობილია, რომ ისინი ერთმანეთით აღფრთოვანებულები იყვნენ და მცირე მიწერ-მოწერაც ჰქონდათ. ერნესტი პრეზიდენტმა ინაუგურაციაზეც დაპატიჟა, მაგრამ მწერალი მაშინ ავად იყო და ვაშინგტონში ვერ ჩავიდა - ყვება ჰილარი ჯასთისი, ჰემინგუეის სპეციალისტი და ბიბლიოთეკის თანამშრომელი.

ჰემინგუეის გამოფენა ბოსტონში "ორ ომს შორის"
ჰემინგუეის გამოფენა ბოსტონში "ორ ომს შორის"

არქივი შეიცავს ჰემინგუეის რამდენიმე ქმნილების პირველად, სამუშაო ვერსიას, მათ შორისაა "აღმოხდების მზე (ფიესტა)" და "ვისთვის რეკს ზარი". ჯონ ფიცჯერალდ კენედის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ასევე დაცულია მისი პირადი მიმოწერა და 11 000-მდე ფოტო. ამ მასალების უმეტესობამ ფილმის საშუალებით მზის სინათლე პირველად იხილა.

საინტერესო აღმოჩენა იყო, თუ რამდენად "დისციპლინირებული მწერალი" იყო ჰემინგუეი, ამბობს კენ ბარნსი, ფილმის თანაავტორი. დოკუმენტალისტები მასალაზე წლების მანძილზე მუშაობდნენ.

ბარნსი და ნოვიკი ძირითადად ჰემინგუეის პირად ცხოვრებას იკვლევდნენ და მის ქალებთან ურთიერთობებს სწავლობდნენ, დაწყებული ოჯახში - დედით და დით. შემდეგ ისინი მოგვითხრობენ ექთან ქალზე, მის პირველ სიყვარულზე, რომელთანაც ის ჰოსპიტალში, პირველ მსოფლიო ომში დაჭრის შემდეგ მოხვდა და ოთხ ცოლზე, ვისთანაც მწერალმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა.

ერნესტ ჰემინგუეი ესპანეთში, კორიდაზე
ერნესტ ჰემინგუეი ესპანეთში, კორიდაზე

"მის ცხოვრებაში ძალიან დიდი ნაწილი უკავია სიყვარულს: მისკენ სწრაფვას, მისგან გაქცევას, თუ მის დანგრევას" - ამბობს ბარნსი. ავტორები ეჭვქვეშ აყენებენ სტერეოტიპს ჰემინგუეის გადაჭარბებული მამაკაცურობის შესახებ. როგორც ირკვევა, მშობლები ერნესტს და მის დას ტყუპებივით ექცეოდნენ. უცნაურადაც აცმევდნენ, ხან როგორც დებს, ხან როგორც ძმებს. ქალების ტანსაცმელი, ვარცხნილობა, ზოგადად ქალურობა მისთვის უცხო არ იყო და სულაც არ მიგვაჩნია ის ქალთმოძულედ - ამბობენ ფილმის ავტორები.

თუმცა, ფილმი მხოლოდ პირადი ურთიერთობებით არ შემოიფარგლება. მწერლის ხელნაწერებით, წაშლილი და გადაკეთებული ტექსტებით ირკვევა მისი, როგორც შემოქმედის ფიქრის მიმართულების საინტერესო დეტალები. მაგალითად მწერალს რომანისთვის "მშვიდობით იარაღო", თურმე 47 ფინალი ჰქონდა დაწერილი. "შეგიძლია თვალი მიადევნო, თუ როგორ ვითარდებოდა თითოეული ნამუშევარი, პირველი მონახაზიდან საბოლოო ვერსიამდე" - ყვება ნოვიკი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG