ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხსოვნის დღეს ამერიკა პატივს მიაგებს ქვეყნისთვის დაღუპულ მეომრებს


შეერთებულ შტატებში დღეს, 29 მაისს, ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. მაისის თვის ყოველ ბოლო ორშაბათს, ფედერალურ დღესასწაულზე, ამერიკელები ტრადიციულად მემორიალურ სასაფლაოებზე გადიან და პატივს მიაგებენ ქვეყნისთვის სხვადასხვა ომებში დაღუპულ მეომრებს.

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მეუღლე ჯილთან ერთად, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე მიაგებს პატივს ომებში დაღუპულ ამერიკელ სამხედროებს. მასთან ერთად იქნება ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და სხვა ოფიციალური პირები.

ხსოვნის დღე შეერთებულ შტატებში ფედერალურ დღესასწაულად 1971 წელს გამოცხადდა და მას შემდეგ უქმე დღეა, როცა ისვენებს ადგილობრივი და ფედერალური სამთავრობო უწყებები, ასევე - კერძო ორგანიზაციების დიდი ნაწილი. ვაშინგტონში, კონსტიტუციის გამზირზე, იმართება ტრადიციული აღლუმი. დედაქალაქში მოტოციკლეტისტები ამ დღეს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან და ქუჩებში ჯგუფ-ჯგუფად ხმაურით დადიან.

ცნობილი სავაჭრო ქსელები ხსოვნის დღეს კლიენტურის მიზიდვის მიზნით, გრანდიოზულ ფასდაკლებებს აწყობს. არაოფიციალურად კი ეს ზაფხულის სეზონის დასაწყისია, როცა ქვეყნის დიდ ნაწილში იხსნება გარე სივრცეში მდებარე აუზები, ოჯახები და მეგობრები შინ, პარკებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში იკრიბებიან და ტრადიციულად პიკნიკებს აწყობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG