ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა 246-ე დაბადების დღეს აღნიშნავს


4 ივლისს შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. ეს ამერიკელებისთვის გამორჩეული დღესასწაულია, რომელიც, როგორც წესი, პომპეზურად აღინიშნება.

ამ დღეს ხშირად "ამერიკის დაბადების დღედ" და "ერის დაბადებად" მოიხსენიებენ. შეერთებული შტატების "დაბადების" ათვლას 1776 წლიდან იწყება, როცა 13 ბრიტანული კოლონიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის დეკლარაციას და ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ეს დეკლარაცია პირველი დოკუმენტი იყო, სადაც უკვე ყოფილი კოლონიები ამერიკის შეერთებულ შტატებადაა მოხსენიებული.

შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღეს წელსაც ტრადიციული ფოიერვერკებით და მთელ ქვეყანაში ოჯახის წევრებისა და მეგობრების თავყრილობებით აღნიშნავენ. პანდემიის, პირბადეების, სოციალური დისტანციისა და საკარანტინო ზომების გამო წინა ორი წლის განმავლობაში შედარებით ნაკლებ პომპეზურად აღნიშნული დღესასწაული, წელს ძველ მასშტაბებს იბრუნებს და ამერიკის ახალი მოქალაქეებიც საზეიმო ფიცს არა ონლაინ, არამედ პირადად დადებენ.

ამერიკა ამ დღესასწაულს ინფლაციითა და სოციალურ-პოლიტიკური უთანხმობების ფონზე ხვდება. თუმცა ბევრისთვის 4 ივლისი სწორედ ის დღეა, როცა განსხვავებების დავიწყება და ეროვნული დღესასწაულის ერთად აღნიშვნაა საჭირო.

ისტორიის თანახმად, კოლონიების წარმომადგენლებმა ე.წ. "ლის რეზოლუციით" დამოუკიდებლობას კენჭი 1776 წლის 2 ივლისს უყარეს. ფილადელფიაში შეკრებილმა კონგრესმა დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომლის უდიდესი ნაწილიც თომას ჯეფერსონს ეკუთვნის, ორი დღის შემდეგ დაამტკიცა.

თუმცა ამ დღის ფართომასშტაბიანი აღნიშვნა მხოლოდ 1812 წელს ბრიტანეთთან ომის დასრულების შემდეგ დაიწყეს. საზეიმო ღონისძიებები როგორც წესი 4 ივლისს იმართებოდა. ეს ასევე ჯეფერსონის გარდაცვალების დღეა. 1870 წელს კი კონგრესმა 4 ივლისი ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG