შაბათს, ამერიკა დამოუკიდებლობის დღეს 244-ედ აღნიშნავს. 4 ივლისი ამერიკელებისთვის როგორც წესი, დიდი ზეიმის, საოჯახო პიკნიკებისა და მხიარული აღლუმების დღეა, თუმცა წელს, კორონავირუსის გამო ეს დღე განსხვავებულად აღინიშნება. ამერიკელების უმეტესობა სახლში აპირებს დარჩენას.
ტრადიციული საზეიმო ღონისძიებების უმეტესობა გაუქმდა, ან ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. მაგალითად, მაღაზია "მეისისის" 4 ივლისის ფოიერვერკები და ექსტრავაგანტული შოუ, რომელიც ნიუ-იორკში ყოველ წელს, ტარდება, წელს მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გადაიცემა მაყურებლისთვის.
ხვალ, მთავარი ყურადღება რაშმორის მთისკენ იქნება მიყრობილი. იქ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს მისვლას. შესვლა დაშვებული იქნება მოსახლეობისთვისაც და იქ ათასობით ამერიკელს ელოდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიაა, სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება აუცილებელი მოთხოვნა არ იქნება. მსურველებისთვის უფასო პირბადეები იქვე დარიგდება.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ამერიკელების ნაწილი სახლში აპირებს დარჩენას. ამერიკაში, ხუთშაბათს, ერთ დღეში კორონავირუსის 50,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პანდემია დაიწყო და პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ შემთხვევების ნახევარი ამერიკის 4 შტატზე მოდის. ესენია: არიზონა, კალიფორნია, ფლორიდა და ტეხასი.
Facebook Forum