ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-მექსიკის საზღვარზე გარდაცვლილ ბავშვს ვირუსული გრიპი ჰქონდა


შეერთებული შტატების საზღვრის დაცვის სამსახურის მეურვეობაში მყოფი, 8 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზად, აუტოფსიამ გრიპი დაასახელა. 8 წლის გვატემალელი ბიჭი ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ შტატში, 25 დეკემბერს შუაღამის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც ნიუ-მექსიკოს სამედიცინო გამოძიების წარმომადგენლებმა ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში განმარტეს, ბავშვის ანალიზები დადებითი აღმოჩნდა B-ტიპის ვირუსზე. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ვირუსის არსებობის დადასტურებისა, სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად გამოძიება გრძელდება.

საზღვრის დაცვის აგენტების ინფორმაციით, მათ ბავშვს “პოტენციური ავადმყოფობის” ნიშნები შეატყვეს და ის ნიუ-მექსიკოში, ალამოგორდოში მდებარე საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმმა თქვა, რომ ფილიპე გაციებული იყო. მას სიცხის დასაწევი და გაციების საწინააღმდეგო წამლები გამოუწერა და საავადმყოფოდან გაწერა. მალევე ფილიპეს ღებინება დაეწყო. ის საავადმყოფოში დააბრუნეს, სადაც რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ფილიპე გომეზ ალონზო უკვე მეორე ბავშვია, რომელიც ამ თვეში ამერიკის სასაზღვრო პუნქტში დაიღუპა. პირველი ბავშვი ჟაკლინ ქაალი იყო, 7 წლის. ისიც 8 დეკემბერს ნიუ-მექსიკოში შტატების საზღვრის დაცვის სამსახურის ობიექტზე გარდაიცვალა. ორივე ბავშვი გვატემალიდან ამერიკაში მამებმა ჩამოიყვანეს, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ შტატებში სამსახურს იშოვიდნენ.

ჟაკლინის ავად გახდომის გარემოებები უცნობია. როგორც ირკვევა, ის ჯანმრთელი იყო, როდესაც მამასთან ერთად საზღვრის დაცვის სამსახურმა დააკავა და ავად ავტობუსში გახდა, როდესაც სასაზღვრო პოლიციის სადგურში მიჰყავდათ. სადგურში მას უკვე მაღალი სიცხე ჰქონდა. საზღვრის დაცვის აგენტებმა მამამისს უთხრეს, რომ ეს ალბათ იმის ბრალი იყო, რომ ბოლო ხნის განმავლობაში ის კარგად არ იკვებებოდა და საკმარის წყალს არ სვამდა, რაც მამამისის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

დემოკრატი სენატორი დაიან ფაინსტაინი იურიდიულ კომიტეტს მოუწოდებს, იანვარში საქმიანობის განახლებისთანავე დაიწყოს ამ ორი ბავშვის გარდაცვალების გარემოებების გამოძიება. რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემისთვის მიწერილ ოფიციალურ წერილში, ის ამბობს, რომ საჭიროა გაიმართოს მოსმენა "საზღვრის დაცვის სამსახურის მეურვეობის ქვეშ მყოფი ბავშვების მიმართ მოპყრობისა და მათზე ზრუნვის საკითხის შესახებ". ლინდსი გრემი ამ კომიტეტის თავმჯდომარე იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG