ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გზამკვლევი" ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტი ბავშვების შესახებ


სირიელი ლტოლვილი ბავშვი საბერძნეთის ერთ-ერთ ბანაკში, მარტი, 2017 წ.
სირიელი ლტოლვილი ბავშვი საბერძნეთის ერთ-ერთ ბანაკში, მარტი, 2017 წ.

მსოფლიოს სამი უდიდესი ჰუმანიტარული ორგანიზაციის განცხადებით, ათასობით ლტოლვილი ბავშვი, რომელიც ევროპისკენ მიმავალ გზაზე ოჯახის წევრის გარეშე მოხვდა და რომელთა დაცვაც ევროპულმა „თავშესაფარმა“ ქვეყნებმა ვერ მოახერხეს, ექსპლუატაციის, ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლად იქცა.

ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად,გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა სააგენტო (UNHCR), ბავშვთა ფონდი (UNICEF) და საერთაშორისო ხსნის კომიტეტი (IRC) საერთაშორისო საზოგადოებას „სამოქმედო რუკას“ სთავაზობენ იმისთვის, რომ ევროპისკენ მომავალი და უკვე იქ მყოფი ლტოლვილი ბავშვები დაიცვან.

„მაშინ, როდესაც ევროპაში ჩამომსვლელთა ზოგადი ციფრი შემცირდა, გამცილებლისა და ოჯახის წევრის გარეშე ჩამოსული ბავშვების მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება“, - ამბობს დაიან გუდმანი, UNHCR-ის ევროპის ბიუროს დირექტორის მოადგილე.

მისივე განმარტებით, არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ბავშვები დაცულები არიან მას შემდეგ, როგორც კი ევროპას მიაღწევენ. „სინამდვილეში ბევრი ბავშვი ძალადობისა და ექსპლუატაციის მსხვერპლი სწორედ ევროპაში ხდება, როდესაც ევროპული სახელმწიფოები ამ უკიდურესად მოწყვლად ჯგუფს სათანადოდ არ იცავს“ - განმარტავს გუდმანი.

მისი თქმით, ბავშვებს ხშირად ევროპაში ჩამოსვლისას უფროსებთან ერთად აკავებდნენ, აჩერებდნენ საზღვრებზე, ათავსებდნენ დიდ თავშესაფრებში უფროსებთან ერთად, დანარჩენებს კი ქუჩებში ან ავტოსადგურებში უხდებოდათ ღამეების გათევა. გუდმანი ამბობს, რომ უსაფრთხო და შესაბამისი ზრუნვის გარეშე შეუძლებელი იქნება ნდობის მოპოვება და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა.

გაეროს ბავშვთა ფონდი კი აცხადებს, რომ სირიაში,ერაყსა და ავღანეთში კონფლიქტების პარალელურად ევროპაში თავშესაფარს კვლავ არაერთი ადამიანი ეძებს და არაერთი ოჯახი წყვეტს ხმელთაშუაზღვაში საშიში მოგზაურობის დაწყებას.

ორშაბათს ძალაში შევიდა ახალი ე.წ. „გზამკვლევი“, „რუკა“ რომელზეც 100-მდე იურისტი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და სხვა სპეციალისტი მუშაობდა. ისევე როგორც რამდენიმე ევროპული ქვეყნისა და ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენლები.

ანალისა ბრუსატი, საერთაშორისო გადარჩენის კომიტეტის უფროსი ტექნიკური მრჩეველი ამბობს, რომ ლტოლვილი და მიგრანტი ბავშვები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებაზე, შიშებზე, იმედებსა და მოლოდინებზე ყვებოდნენ, ასევე მონაწილეობდნენ ამ გზამკვლევის შექმნაში. უყვებოდნენ სპეციალისტებს, როგორ აიძულებდნენ მათ კრიმინალები კონტრაბანდულ სქემებში ჩართვას.

„დღეს წარმოდგენილი ახალი გზა არის „გზამკვლევი“ რომელიც ასახავს ჩვენს შვიდ მკაფიო რეკომენდაციას ამ ბავშვების პრობლემებზე რეაგირებისთვის, იმისთვის, რომ ისინი იყვნენ დაცულნი და მათი საკითხი დარეგულირდეს ეფექტური საშუალებებით“, - განმარტავს ბრუსატი.

გზამკვლევში ხაზგასმულია ბავშვების იდენტიფიცირების აუცილებლობა, მათი შესაბამისი პროცედურებით დარეგისტრირების საჭიროება, ასევე მათი ნდობის მოპოვება და მომზადებული „პასუხისმგებელი პირის“ გამოძებნა კონკრეტული ბავშვისთვის.
„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს საშუალება, ცხოვრებდეს მისთვის უსაფრთხო გარემოში და ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად“, - ამბობს „იუნისეფის“ დირექტორის მოადგილე ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. „უნდა ჰყავდეთ სანდო, მათზე მზრუნველი და პასუხისმგებელი პირი“.

მონაცემების თანახმად, 2015 წლის ივლისის შემდეგ 130 000 ბავშვი ჩავიდა ევროპაში ოჯახის წევრის ან კონკრეტული სრულწლოვანი მზრუნველის გარეშე. გაეროს განმარტებით, 5 000-ზე მეტი ბავშვი საბერძნეთში, იტალიაში, ბულგარეთსა და ესპანეთში ჩავიდა ამ წლის პირველი სამი თვის განმავლობაში და მათი დაახლოებით 70 % მარტო იყო.

ჰუმანიტარული ორგანიზაციების მონაცემებით კი, ევროპაში თანმხლების გარეშე ჩამოსული ბავშვების უმეტესობა - 15-17 წლის ბიჭია. 2017 წლის პირველ სამ თვეში საბერძნეთში ჩასულთა უმეტესობა კი ავღანეთიდან, პაკისტანიდან, სირიიდან და ერაყიდან იყო.

იტალიაში ჩასული 3 714 ბავშვიდან კი 94 % მარტო იყო. მათი უმეტესობა წარმოშობით გვინეიდან, გამბიიდან, კოტ-დ’ივუარიდან და ბანგლადეშიდან იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG