უქმეებზე შეერთებულ შტატებში ორი მასობრივი მკვლელობა მოხდა, დაღუპულია 30-მდე და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. ტეხასი და ოჰაიო დაღუპულებს გლოვობს. თუმცა წინა კვირას მესამე თავდასხმაც მოხდა, კალიფორნიაში შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა.
შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ტეხასში, სასაზღვრო ქალაქ ელ-პასოში სავაჭრო კომპლექს „ვოლმარტში“ გახსნა ცეცხლი, ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში კი ქალაქის ხალხმრავალ და პოპულარულ გასართობ უბანში. ამ ბოლო ორ შემთხვევას სულ რაღაც 13 საათი აშორებს ერთმანეთისგან.
კალიფორნიაში თავდამსხმელმა თავი მოიკლა, ელ-პასოში ის პოლიციამ დააკავა, ოჰაიოში კი თავდამსხმელი იმ პოლიციელებმა გაანეიტრალეს, რომლებიც ისედაც პატრულირებდნენ შემთხვევის ადგილას და შეძლეს, რომ დაუყოვნებლივ ემოქმედათ. ქალაქის მერის თქმით, მათ ამით ბევრი სიცოცხლის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა თავდამსხმელმა მაინც მოასწრო ათამდე ადამიანის, მათ შორის საკუთარი დის მოკვლაც.
რა ვიცით დანაშაულის მოტივებზე ?
კალიფორნიისა და ოჰაიოს თავდასხმების მოტივი უცნობია, თუმცა ტეხასის თავდასხმასთან დაკავშირებით ვარაუდობენ, რომ მისი სამიზნე შესაძლოა სამხრეთ ამერიკელი მიგრანტები ყოფილიყვნენ. ელ-პასო სწორედ ის ადგილია, სადაც ასობით და ათასობით მიგრანტი იყრის თავს.
ელ-პასოში შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია, ის 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცია. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავდასხმამდე ერთ-ერთ ანონიმურ ექსტრემისტულ ონლაინ ვებგვერდზე რასისტული და იმიგრანტთა საწინააღმდეგო მანიფესტიც გამოაქვეყნა. თუმცა გამოძიების ფედერალური ბიურო აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და იძიებენ, როგორც "შიდა ტერორიზმის" და სიძულვილით მოტივირებულ შესაძლო დანაშაულს. მოკლულ 20 ადამიანს შორის რამდენიმე მექსიკის მოქალაქეცაა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს სპეციალური განცხადება გააკეთა და რასიზმი და შეუწყნარებლობა დაგმო. თქვა, რომ „სიძულვილის ადგილი ამერიკაში არ არის“.
მან ორივე პარტიას მოუწოდა იმისკენ, რომ მიაღწიონ ორპარტიული თანხმობას იარაღის კანონმდებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა იუსტიციის დეპარტამენტს მოუწოდა, რომ ამგვარი სიძულვილით მოტივირებული და „შიდა ტერორიზმის“ ჩამდენთა წინააღმდეგ სიკვდილით დასჯაც გამოიყენოს.
მასობრივ მკვლელობებთან დაკავშირებული საკითხები, იქნება ეს იარაღის გაყიდვა, ფსიქიკური ჯანდაცვა, ექსტრემიზმი, სიძულვილი, სიამიგრაციო პოლიტიკა თუ სხვა მომიჯნავე საკითხები წინასაარჩევნო კამპანიაზეც ახდენს გავლენას. მით უფრო, რომ ეს სწორედ ის წინააღმდეგობრივი საკითხებია, რომლებზეც ორი პარტიის წარმომადგენლები ძალიან იშვიათად თუ ახერხებენ შეთანხმებას. დემოკრატთა ნაწილი პრეზიდენტს სიძულვილის გაღვივებაშიც კი სდებს ბრალს და მის ანტისაიმიგრაციო პოლიტიკას განსაკუთრებული სიმწვავით აკრიტიკებს.
თუმცა ამავე დროს არსებობს კანონპროექტები, რომლების დამტკიცებაც ორპარტიული მხარდაჭერით შესაძლებელია.
სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა უმრავლესობის ლიდერს, მიჩ მაკკონელს უკვე მოუწოდა, რომ საზაფხულო შვებულებიდან საგანგებო სხდომისთვის გამოიწვიოს სენატის წევრები და კენჭი უყაროს იარაღის ყიდვის მსურველთა უნივერსალური შემოწმების შესახებ კანონპროექტს, რომელსაც კონგრესმა წლის დასაწყისში უკვე დაუჭირა მხარი.
წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, ხმა უკვე მისცა კანონპროექტს, რომელიც კონკრეტული პირების შემოწმების პროცესის გამკაცრებას გულისხმობს, იქნება ეს იარაღის საყიდლად საჭირო ინფორმაციის შეგროვება თუ ამ შემოწმების ხანგრძლივობა.
Facebook Forum