დასავლეთ უკრაინაში, შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და 20 მგზავრი მძევლად ჰყავს. სააგენტო როიტერის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი მომხდარი სროლის შესახებ წერს და ამბობს, რომ გატაცებული ავტობუსი დაზიანებულია.
პოლიციის განცხადებით, გამტაცებელი რუსეთში დაბადებული 44 წლის მაქსიმ კრივოშია. შინაგან საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ მამაკაცი ნასამართლევია და 10 წლიანი სასჯელი აქვს მოხდილი.
ქალაქ ლუტსკში მიმდინარე მოვლენების შესახებ, პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს. "ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას. მე ყველა დეტალის საქმის კურსში ვარ, მუდმივ კონტაქტზე ვარ ლუტსკსში ჩვენს სპეციალისტებთან. სპეციალისტები მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მძევლები გავათავისუფლოთ" - პრეზიდენტის ამ განცხადებას, მისი პრესსამსახური ავრცელებს.
უკრაინული მედია გამტაცებელს ტერორისტად მოიხსენიებს, თავად გამტაცებელი კი აცხადებს, რომ "პირველი ტერორისტი - სახელმწიფოა" ხელისუფლების წარმომადგენლები კი "კანონიერი ტერორისტები". გამტაცებელი მოითხოვს, ხელისუფლებისა და ეკლესიის წარმომადგენლებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ ტერორისტები არიან.
გამტაცებელი აცხადებს, რომ მას ასაფეთქებელი მოწყობილობა, ხალხმრავალ ადგილზე აქვს დამონტაჟებული.
Facebook Forum