დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეთაურის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ კომპანიასთან.
როგორც მან დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პერსპექტიულია ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა.
„საქმის კურსში ვართ ამ ვაქცინის, ისევე როგორც რამდენიმე პერსპექტიული ვაქცინის შესახებ. ერთ-ერთ პერსპექტიულ ვაქცინად ითვლება სწორედ ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც მუშაობს ერთ-ერთ გიგანტ ფარმაცევტულ კომპანია „ასტრა ზენეკასთან“ ერთად." მისი თქმით, რაც შეეხება საქართველოს, ერთი თვის წინ იყო პირდაპირი კონტაქტები კომპანიასთან. ამავე დროს საქართველო მუშაობს „გავის ალიანსთან“, რომელიც დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა, ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელსაც ბილ გეითსის ფონდი აფინანსებს.
გამყრელიძემ დასძინა, რომ „გავისის“ საშუალებით მრავალი ვაქცინა დაინერგა საქართველოში და ამდენად, მიმდინარეობს ამ ორ წყაროსთან მუშაობა - „ასტრა ზენეკასთან“ და „გავისთან“, რათა ვაქცინის დამტკიცებისთანავე საქართველო იყოს რეციპიენტთა რიგებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
Facebook Forum