ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიწისძვრას ნიუ-იორკის შემოგარენში მსხვერპლი ან დაშავება არ მოჰყოლია


5 აპრილს, ნიუ-იორკის მახლობლად, 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, მან ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე შენობების ნაწილი შეარყია და მოსახლეობის მხრიდან გაოცება გამოიწვია, რადგან კონტინენტის ეს ნაწილი სეისმური აქტივობით დიდად არ გამოირჩევა.

მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქ ტექსბერიში, ნიუ-ჯერსის შტატის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც ქალაქ ნიუ-იორკის დასავლეთით, დაახლოებით 64 კილომეტრში მდებარეობს. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით, დილის 10:20 საათზე მოხდა, დაახლოებით 4.7 კილომეტრის სიღრმეზე.

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის, ქეთი ჰოქულის და ქალაქ ნიუ-იორკის მერის, ერიკ ადამსის ცნობით, ამ ეტაპზე მათთან არც მსხვერპლი და არც რაიმე მნიშვნელოვანი დაშავება არ დაფიქსირებულა. ინჟინერთა გუნდები გზების და ხიდების ინსპექციას ამ დრომდე აგრძელებენ.

გუბერნატორ ჰოქულის თქმით, "ეს ამ საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მიწისძვრა იყო, რომელიც [აშშ-ის] აღმოსავლეთ სანაპიროზე დაფიქსირდა". მან მოსახლეობა განმეორებითი ბიძგების ალბათობაზე დილითვე გამართულ პრესკონფერენციაზე გააფრთხილა. ქალაქის მერმა მსგავსი ბიძგების შემთხვევაში, მოსახლეობას მოუწოდა, თავი იქვე მდგარ მყარ ავეჯს, კარის ჭრილს, ან შენობის საყრდენ კედელს შეაფაროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG