მაკედონიამ ნატოს წევრობის მისაღებად საკვანძო დოკუმენტს მოაწერა ხელი, ალიანსში მიღების პროცესი შესაძლოა მომავალ წელს დასრულდეს.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლა დიმიტროვი იყვნენ მათ შორის, ვინც ოთხშაბათს, ბრიუსელში გამართულ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მაკედონიის ნატოს 30-ე წევრად მიღება, რეგიონში მეტ სტაბილურობას და უსაფრთხოებას მოიტანს. მან ჟურნალისტებს უთხრა:
„გაერთიანების დოკუმენტის დღევანდელი ხელმოწერა აჩვენებს, თუ დიპლომატიას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას რისი მიღწევა შეუძლია“.
სტოლტენბერგის გვერდით მდგარმა დიმიტროვმა თქვა, რომ ალიანსში შესვლა მისი ქვეყნისთვის იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ „მარტო აღარასდროს იქნება“. მან თქვა:
„ქვეყანა იმდენად არის ძლიერი, რამდენადაც ძლიერია მისი სამხედრო ძალები. ასევე, იმდენად ძლიერია, რამდენადაც ქმედუნარიანი და ჯანსაღია მისი დემოკრატიული ინსტიტუტები, მაგრამ ის ასევე იმდენად ძლიერია, რამდენი ახლო მეგობარიც ჰყავს.“
საბერძნეთი მაკედონიის ნატოში შესვლის ძალისხმევას, სახელ "მაკედონიის" გამო ხანგრძლივი დავის გამო ბლოკავდა, სახელის, რომელიც ჩრდილოეთ საბერძნეთის ისტორიულ რეგიონს და იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკას საზიარო აქვთ.
ორივე ქვეყანა შეთანხმდა, რომ ქვეყანა სახელს შეიცვლის და მისი სახელი გახდება - ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა.
სანამ მაკედონია ალიანსში შესვლას შეძლებს, მისი წევრობა ნატოს ყველა, 29 წევრმა უნდა დაამტკიცოს.