ლიეტუვამ ორშაბათს სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო. მისი დასრულების შემდეგ, 2027 წელს იქ 4000-მდე გერმანელი, საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ჯარისკაცი განთავსდება. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის პირველი მუდმივი საგარეო სამხედრო მისია იქნება.
გერმანია ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, რუსეთის საზღვრებთან ძალების განთავსებას გასულ წელს დათანხმდა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ეს გადაწყვეტილება ცივი ომის დროს დასავლეთ გერმანიაში მოკავშირეების ძალების განთავსებას შეადარა, რათა დასავლეთ ევროპის ქვეყნები საბჭოთა კავშირის თავდასხმის შემთხვევაში დაეცვათ.
ლიეტუვის თავდაცვის ძალების მეთაურმა რაიმუნდას ვაიკსნორასმა თქვა, რომ ქვეყანა სამხედრო ბაზის განვითარებაზე მომდევნო სამი წლის განმავლობაში ერთ მილიარდ ევროზე მეტს დახარჯავს. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი სამშენებლო პროექტი იქნება.
"ეს გერმანიის მეათედი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, სადაც 2.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, უდიდესი ინვესტიციაა", - თქვა ვაიკსნორასმა ცერემონიაზე. მისი განმარტებით, ბრიგადა იმუშავებს "ჩვენი შეკავების უზრუნველსაყოფად, რუსების განსადევნად", - თქვა მან.
რუდნინკაის ბაზა ვილნიუსთან ახლოს მდებარეობს და მეზობელი რუსეთისა და ბელარუსისგან, დაახლოებით 20 კილომეტრითაა დაშორებული. იქ 4 000-მდე სამხედრო, მათი მარაგები და აღჭურვილობა განლაგდება, ასევე სხვა სამხედრო ტექნიკა.