ლიბიის გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელმა დედაქალაქ ტრიპოლიში ათასობით მხარდამჭერს მიმართა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პირობა დადო, სადაც დაფასებული იქნება ისლამი და კანონის უზენაესობა. მუსტაფა აბდელ ჯალილის თქმით, დროებითი მთავრობა ისეთი სახელმწიფოს შექმნას ცდილობს, სადაც „ისლამი კანონმდებლების საფუძველი გახდება“. თუმცა ამავე დროს უარყოფილი იქნება ნებისმიერი ექსტრემისტული იდეოლოგია.
ჯალილი ტრიპოლიში შაბათს ჩავიდა. ეს დედაქალაქში მისი პირველი ჩასვლაა, მას შემდეგ, რაც ტრიპოლიდან მუამარ კადაფი განდევნეს. მან შეკრებილ მხარდამჭერებს წამებულთა მოედანზე მიმართა, ეს ის ადგილია, სადაც მანამდე კადაფისტების შეკრებები იმართებოდა. ჯალილმა ასევე მოუწოდა ლიბიელებს უარი თქვან რეპრესიებზე კადაფის მომხრეების წინააღმდეგ.
ამავდროულად, მოსახლეობამ შეტევების დაწყების მოლოდინში უკვე დაიწყო კადაფისტების მიერ კონტროლირებადი ქალაქების დატოვება.